ჩვენ ვასრულებთ დაპირებას და არ ვაპირებთ მივიღოთ არც ერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურ შეფასებას მიიღებს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი არის საპარლამენტო მმართველობის სისტემის დახვეწისკენ მიმართული დოკუმენტი.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ინტერესს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისადმი. უპირველეს ყოვლისა, მსურს შეგახსენოთ, რომ პროცესი დაიწყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მაღალი მონაწილეობის და ჩართულობის პროცესი ყოფილიყო, რათა შედეგი მიღწეული ყოფილიყო. უმრავლესობით კი არ ყოფილიყო ეს რეფორმები განხორციელებული, არამედ ყოფილიყო მაღალი მონაწილეობა და ამიტომაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის დეკემბერში. ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება, რომ გაუმჯობესებულიყო კონსტიტუცია. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა, რომ დაიხვეწებოდა დოკუმენტი და ჩვენ ვმოქმედებთ ამ დანაპირების შესაბამისად. ჩვენ დეკემბერში დავიწყეთ ეს პროცესი, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. იანვარში კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიაში 73 წევრი იყო და მათი უმრავლესობა მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. იყო ერთი გამონაკლისი - პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მათ ჰყავდათ სამი წევრი წარმოდგენილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და არც ერთი მათგანი არ იღებდა მონაწილეობას მუშაობის პროცესში. მიზეზი გაუგებარი იყო ჩვენთვის.
საბოლოოდ, მუშაობის პროცესი მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან. პროცესის დასაწყისში ჩვენ გავაკეთეთ უნიკალური განაცხადი - საქართველოს პარლამენტი არ მიიღებდა არც ერთ ნორმას, რომელსაც უარყოფითად შეაფასებდა ვენეციის კომისია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას და არ ვაპირებთ მივიღოთ არც ერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურ შეფასებას მიიღებს. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან და კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს იყო ძალიან ინტენსიური პროცესი, თითქმის ყოველდღიური შეხვედრებით. შეხვედრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან.
პროცესის დასასრულს, ჩვენ მაღალი ხარისხის პროდუქტი მივიღეთ - ეს იყო მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი არის საპარლამენტო მმართველობის სისტემის დახვეწისკენ მიმართული დოკუმენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს იყო კომისიის მიერ მომზადებული პროდუქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაეტოვებინა. კრიტიკის მთავარი საგანი ორი საკითხი იყო: საპარლამენტო არჩევნების სისტემა სამი მთავარი ასპექტით - 5 პროცენტიანი ბარიერის დაწესება პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში მიღებული პრაქტიკაა; ერთ-ერთი საკამათო საკითხი იყო ბონუსი. დასაწყისშივე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებდით არც ერთ ნორმას, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია. მკაფიოდ ითქვა, რომ თუ ვენეციის კომისია ბონუსის სისტემას უარყოფითად შეაფასებდა, საქართველოს პარლამენტი ამ ნორმას არ მიიღებდა. საბოლოო ჯამში, შეთავაზება იყო ცალსახა - პროპორციული სისტემა, ხუთპროცენტიანი ბარიერით პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.