საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში" მოისმინეს დეპუტატებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ოდენობითაა დაგეგმილი თუმცა, წინასწარი, ივლისის თვის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი 4,8%-ს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე, დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7 % შეადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვა ექვს თვეში გაზრდილი იყო 13,5%-ით და 7 თვის მონაცემებით 5 მლრდ 675,2 მლნ დოლარი შეადგინა. 6 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთან რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 1 მლრდ 303,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 10,9%-ით მეტია. როგორც მომხსენებელმა განმარტა, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 540 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 748.2 ათასი ლარი. 8 თვის მდგომარეობით, შემოსული თანხა შეადგენს 6 130 000 .0 ათას ლარს, რაც წლიურად დაგეგმილი მაჩვენებლის 64,5%-ია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, შემოსავლები დაგეგმილია 9 489 000.0 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 6 თვეში მიღებულმა თანხამ 4 671 000.0 ათასი ლარი შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები შესრულებულია გადაჭარბებით. საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 283 814.2 ათასი ლარი. საგადასახადო შემოსავლების შესრულება შეადგენს 105, 1%.

გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 284 460.0 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხოლო 8 თვის მდგომარეობით მიღებული სახსრები შეადგენს 208,8 მლნ ლარს. სხვა შემოსავლებში მობილიზებულია 258,9 მლნ. ლარი რაც წლიური გეგმის 67%-ს აღემატება.

არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებლის წლიური გეგმა 90 მლნ ლარია. 8 თვის განმავლობაში უკვე შემოსულია 63, 3 მლნ ლარი, რაც ნიშნავს, რომ შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 70,5%-ს. ფინანსური აქტივების კლებიდან მიღებულია 51,8 მლნ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 60, 9%-ს შეადგენს

წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 11 415 475.0 ათასი ლარით. 6 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯი შეადგენს 5 326 569.4 ათასი ლარს, რაც 6 თვის დაგეგმილი მაჩვენებლის 95.1%-ია.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტროების მიხედვით შესრულების მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 95%-ზე მაღალია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„მინდა შეგახსენოთ ციფრები. საგადასახადო შემოსავლების კუთხით, რომელიც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. 6 თვის მონაცემებით კუთხით, შესრულება არის 105, 1 %. პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს გადაჭარბება თითქმის 208 მლნ. ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 6 თვის გეგმა გადაჭარბებულია 6,6 %-ით და მიღებულია 288 მლნ. ლარი.

მინდა აღვნიშნო, რომ გამოქვეყნებულია საქსტატის მონაცემები, 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 4,7 %-ი, 6 თვის მონაცემებით კი ეკონომიკური ზრდა, 6,9%-ია.

ყველა ეს ციფრი მიუთითებს იმაზე, რომ პრაქტიკულად, ბიუჯეტის შესრულების კუთხით, ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს და ფინანსთა სამინისტრო ამ თვალსაზრისით კარგად მუშაობს და ამას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრებიც  ადასტურებს,"-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

დეპუტატებმა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში" ცნობად მიიღეს.

კომიტეტის წევრები  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" ანგარიშს გაეცნენ.

სამთავრობო პროგრამა, ბიუჯეტის კუთხით, დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

„გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ყველა ის მიმართულება, რომელიც გაწერილია 4 პუნქტიან გეგმაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში ასახულია იმ რიცხვებში, რომელიც ჩვენ ოთხწლიან გეგმაში გვაქვს დამტკიცებული,"-განაცხადა  გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს პარლამენტში წარმოდგენილი იყო ბიუჯეტი და პარამეტრები, რომელიც ბიუჯეტით იყო დამტკიცებული, ასევე ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში. მომხსენებლის განცხადებით, ყველა სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ოთხ პუნქტიან გეგმაშია გაწერილი, საშუალო ვადიან ბიუჯეტში სრულად არის ასახული.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სამთავრობო პროგრამის მიმართულებით საგადასახადო და ფისკალურ პროგრამაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა. მისი განცხადებით, რეფორმის პირველი ფისკალური შედეგი არის 240 მილიონი, რომელიც მოგების გადასახადის სახით კერძო სექტორში დარჩა.

მომხსენებელი დაგეგმილ სტრუქტურული რეფორმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. „დაწყებულია დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, რომელიც უკვე დამტკიცებულია პარლამენტის მიერ. ასევე იგეგმება საპენსიო რეფორმა და კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორების რეფორმირება,"-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტების  სხდომაზე განიხილეს სარატიფიკაციო დოკუმენტი - შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ". საკითხი კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი წელს, მაისში მოეწერა და მისი მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობების განსაზღვრა და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ერთი მხრივ გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარს. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის შიგნით დასაქმების გაზრდას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები)" ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება „2016 წლის 11 მაისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი) 1 ცვლილების შეთანხმება

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება „2010 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების „საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი 2 ცვლილება

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილი-შეთანხმება"

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები)

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)"

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)" N3 ცვლილების", „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" N1 ცვლილების" და „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)" N2 ცვლილების" წერილ-შეთანხმება

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)"

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)"

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)"

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მეორე მოსმენით განიხილეს.

მომხსენებელმა,  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ,  გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ კანონპროექტის არსს წარმოადგენს,  იმ კრიტერიუმების განსაზღვრის საფუძვლის განსაზღვრა,  რის შესაბამისადაც შესაძლებელი იქნება სუბიექტისათვის საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ-ს) სტატუსის მინიჭება იქნება შესაძლებელი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დაინტერესების პირების საქმიანობის მოწესრიგების, ფინანსური ანგარიშგების სანდოობის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პირების საქმიანობის ანალიზის განსახორციელებლად, რაც ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

ამასთან, ვინაიდან, სუბიექტისათვის სდპ-ს სტატუსის მინიჭება დაკავშირებული იქნება შესაბამისი სფეროს კომპლექსურ კვლევასთან და უწყებების/დაინტერესებული მხარეების აქტიურ და სისტემატიურ ჩართულობასთან, პროცესის მოქნილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილია სდპ-ს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება ნაცვლად საქართველოს მთავრობისა, გადაეცეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.

კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღესვე  საქართველოს პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" განიხილა და მხარი არ დაუჭირა.