საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც აშშ-ს მხრიდან საქართველოში სპეციალური წარმომადგენელის დანიშვნას ეხება, განხილვის ეტაპზეა. ამის შესახებ დავით რაქვიაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ვაშინგტონში, სადაც ცოტა ხნის წინ ვიზიტით იმყოფებოდა, ამერიკელ პოლიტიკურ წრეებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. დავით რაქვიაშვილის თქმით, ზოგიერთ შეხვედრაზე საუბარი სწორედ საქარველოში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას შეეხო, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ვიცე პრეზიდენტის თბილისში ვიზიტით ყოფნის დროს გამოთქვა. როგორც დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური ინიციატივა, მას საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია სჭირდება, ამასთან მნიშვნელოვანია კონსულტაციების გაგრძელება ვაშინგტონში. უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, აშშ-ში მისი შეხვედრები შესაბამის პოლიტიკურ წრეებთან, ამას ემსახურებოდა.
„ზოგიერთ შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი გვქონდა. ვიცი, რომ კითხვა არსებობდა, იყო თუ არა ეს განხილური ქარტიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ქარტიის სამუშაო ჯგუფის ფორმატი ამას არ ითვალისწინებს. ასეთ შეხვედრაზე საუბარი არის ხოლმე უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების და ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კონკრეტული მიმართულებების დინამიკაზე. ხოლო, რაც შეეხება, სპეციალურ წარმომადგენელელს, ის რა თქმა უბდა, პოლიტიკური ინიციატივაა, რომელიც ცხადია, განხილვის ეტაპზეა. ამას სჭირდება, როგორც ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია საქართველოში, ისე, რა თქმა უნდა, კონსულტაციების გაგრძელება ვაშინგტონში. ამას ვაკეთებდი მე, შესაბამის წრეებთან დედაქალქში“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა
მისივე თქმით, ამ ტიპის ინიციატივების გახორციელება სწრაფად არ ხდება. თუმცა დავით რაქვიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე პარტნიორებისგან მეტი ყურადღება მუდმივად უნდა მოითხოვოს.
„ამიერიკა-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას თუ გადახედავთ, ძალიან ბევრი საკითხია, რომლის გატანა გარკვეული ეტაპის შემდეგ მომხდარა. ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, არ ხორციელდება მყისიერად. კულტ ვოლკერის განცხადება თქვენი სააგენტოს მეშვეობითაც გავრცელდა, როდესაც მან თქვა, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა საინტერესო მოსაზრებაა. ასე, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, აქ პროგნოზირება სწორი არ იქნება. რაც მთავარია, საქართველომ ყოველთვის უნდა მოითხოვოს პარტნიორებისგან მეტი ყურადღება იმიტომ, რომ საქართველო იმყოფება იმ გეოპოლიტიკურად კრიტიკულ ადგილზე, რომლის კეთილდღეობა და უსაფრთხოება იმოქმედებს, არამარტო ჩვენი მოაქლაქეების კეთილდღეობასა და ცხოვრებაზე, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობაზე. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მოწადინებულნი, შევიმუშაოთ ახალი ინიციატივები, რომლითაც საქართველოს მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გააქტიურდება“, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
რაც შეეხება ზოგადად აშშ-ში ვიზიტს, დავით რაქვიაშვილის თქმით, ამერიკის მაღალი დონის პოლიტიკურ წრესთან საუბარი შეეხო საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის უფრო მეტად წინ წაწევას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ყოველთვის მნიშვნელოვანია ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებთან აზრთა გაცვლა- გამოცვლა. შეხვედრები მქონდა წამყვან აკადემიურ წრეებთან და პოლიტიკოსებთან კონგრესში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. ჩემი მიზანია, რომ იმ აქტიური დიპლომატიური საქმიანობის პარალელურად, რასაც ჩვენი საელჩო აწარმოებს აშშ-ში, საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ჩავატაროთ დამატებითი ღონისძიებები პოლიტიკური წრეების უფრო მეტი ყურადღების გასამახვილებლად. ეს მუდმივი ამოცანაა. იმ დედაქალაქში, სადაც დიდი კონკურენციაა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, აუცილებელია, კიდევ უფრო მეტი აქტიურობით საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წაწევა. ეს იყო მთავარი მიზანი ჩემი იქ ყოფნის. ასევე, დავესწარი საქართველო ამერიკის ორმხრივი სტრატეგიული ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.