რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)" განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი". დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2015 წლის 22 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებსა (USAID) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმების პროექტს „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა".

საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ა.შ.შ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს გამოუყო 13, 109,635 ა.შ.შ დოლარის ოდენობის გრანტი, იმ პირობით, რომ აღნიშნული თანხა USAID-ის მხრიდან შეიძლებოდა გაზრდილიყო 44,250,436 ა.შ.შ დოლარამდე ან შემცირებულიყო.

საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს მხრიდან გათვალისწინებული იყო 4, 369,879. ა.შ.შ დოლარის ოდენობის თანამონაწილეობა, რომელიც ასევე შესაძლოა გაზრდილიყო ან შემცირებულიყო გრანტის თანხასთან ერთად.

პროექტის მიზანია ეკონომიკური მართვის და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით:

კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება

განათლება

ინფრასტრუქტურა

სოფლის მეურნეობა

კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა

გარემო

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმების პირველ ცვლილებას და USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხა 44,250,436 ა.შ.შ დოლარიდან 57,298,636 ა.შ.შ დოლარამდე გაიზარდა. ასევე, შეიცალა საგრანტო თანხის ოდენობაც 14,970,000 ა.შ.შ დოლარის ოდენობით. შესაბამისად გაიზარდა საქართველოს მხრიდან თანამონაწილეობის თანხა.

თანხის გაზრდასთან ერთად შეიცვალა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსი მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. „ამჟამად წარმოდგენილია საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი, რომელიც ითვალისწინებს USAID-ის მხრიდან ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად გაიზარდა კონფლიქტების შემსუბუქებისა და შერიგების, ინფრასტრუქტურის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხის შესაძლო მოცულობა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული მიმართულებები კვლავ იგივე რჩება," - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

დღესვე კომიტეტებმა განიხილეს მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტი - „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება") განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი". პროექტის მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები ორი მიმართულებით:

სამოქალაქო საზოგადოება;

სამოქალაქო საზოგადოება და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისთვის.

საგრანტო შეთანხმების პირველი ცვლილებით თანხა გაიზარდა 1 000 000 აშშ დოლარით. დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი მეორე ცვლილებით საგრანტო თანხა კიდევ 248 000 აშშ დოლარით იზრდება, ხოლო განსახორციელებელი მიმართულებები იგივე რჩება.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს განხილული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას.