აფგანი ამბობს, რომ ის ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ როგორც მღებრიშვილისგან, ასევე გომელაურისგან

აფგანი ამბობს, რომ ის ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ როგორც მღებრიშვილისგან, ასევე გომელაურისგან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მას ის პირები უთვალთვალებენ, რომლებიც მანამდე მის მეუღლეს უთვალთალებდნენ.

”2-4 აგვისტოს, როდესაც აზერბაიჯანის შს მინისტრი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, თვალთვალი ძალიან ინტენსიური იყო. მაგალითად, 3 აგვისტოს, როდესაც ჩემს შვილთან ერთად ვსეირნობდი, შევნიშნე მამაკაცი, რომელიც აფგანს გატაცებამდე უთვალთვალებდა. ჯგუფი, რომელიც მე მითვალთვალებდა, 7-8 პირისგან შედგებოდა, 25-30 წლამდე ასაკის პირები იყვნენ. შემდეგ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთანაც შევნიშნე, რომ მითვალთვალებდნენ. რამდენიმე ადამიანი მითვალთვალებდა, ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მე მათ ფოტო და ვიდეო გადავუღე და პროკურატურას გადავეცი“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მისივე თქმით, დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღია პროკურატურისგან: ვინ არიან ეს პირები და რატომ უთვალთვალებდნენ.

„ეს ჩემი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაა. გარეთ რომ გავდივარ, სულ ვიხედები - ვინმე ხომ არ მითვალთვალებს. ეს დღემდე გრძელდება. რამდენიმე დღის წინ კვლავ შევნიშნე ეს ხალხი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ამ პირების ვინაობის დადგენა ჯერ არ მომხდარა. არც პოლიციას, არც პროკურატურას არ განუხორციელებია რაიმე ღონისძიებები. ეს ყველაფერი აფგან მუხთარლის საქმეს ეხება, ვინაიდან, ეს ხალხი აფგანსაც უთვალთვალებდა”, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

რაც შეეხება აფგან მუხთარლის გამოძიების საქმეს, მისი თქმით, ძალიან ბევრი კითხვაა და ამ კითხვებზე დღემდე პასუხები არ მიუღიათ.

”აფგანი ამბობს, რომ ის ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ როგორც შს მინისტრისგან, ასევე ბატონ გომელაურისგან. მღებრიშვილმა განაცხადა, რომ იმ ადგილას, საიდანაც აფგან მუხთარლი გაიტაცეს, პოლიციელები არ იყვნენო, მაშინ ვინ იყო ის ფორმიანი ხალხი? ამ კითხვაზე პასუხი არც პოლიციისგან და არც პროკურატურისგან არ მიგვიღია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბევრი განცხადება გააკეთა, რომ ამ საქმესთან საქართველოს მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მან იცოდა ამის შესახებ. მან ასევე უნდა გასცეს პასუხი არსებულ კითხვებს”, - აღნიშნა მუსტაფაევამ.

”რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც მითვალთვალებს, ჩვენი ვარაუდით, ისინი აზერბაიჯანიდან არიან, თუმცა მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია. ვვარაუდობთ, რომ ისინი კავშირში არიან „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოში მყოფ აზერბაიჯანელ აქტივისტებს უთვალთვალებენ”, - დასძინა აფგან მუხთარლის მეუღლემ.

ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ლეილა მუსტაფაევამ და აზერბაიჯანელმა აქტივისტმა დაშგინ აღალარლიმ იმ პირების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი მტკიცებით, უთვალთვალებენ. ისინი აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით, ამ ადამიანებს კავშირი უნდა ჰქონდეთ 29 მაისს, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან.