1-21 აგვისტოს პერიოდში ”ქართულმა ოცნებამ” რეკლამაზე 3 150 287 ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახურის მიერ ”ინტერპრესნიუსისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ 20-დღიან პერიოდში ”ქართულმა ოცნებამ” სულ 3 243 414 ლარი დახარჯა, აქედან შრომის ანაზღაურებაზე - 5 000 ლარი.
”ქართული ოცნების” შემდეგ, ყველაზე მეტი ხარჯი ”ევროპულმა საქართველომ” გასწია - 142 263 ლარი, საიდანაც 100 758 ლარი რეკლამის ხარჯია.
90 456 ლარი დახარჯა ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, აქედან 11 747 ლარი - რეკლამაზე, 25 375 - შრომის ანაზღაურებაზე.
”პატრიოტთა ალიანსის” ხარჯებმა 84 120 ლარი შეადგინა, საიდანაც 8 400 ლარი რეკლამის ხარჯია, 2 872 ლარი კი - შრომის ანაზღაურება.
”გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ” 1-21 აგვისტოს პერიოდში 77 350 ლარი დახარჯა, საიდანაც ძირითადი ნაწილი - 42 750 ლარი შრომის ანაზღაურებას შეადგენს.
43 340 ლარი დახარჯეს ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, აქედან 19 875 ლარი - შრომის ანაზღაურებაზე.
38 433 ლარი შეადგინა ”ლეიბორისტული პარტიის” მიერ გაწეულმა ხარჯმა, 34 978 ლარი კი - ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.
სულ, პარტიების მიერ 1-21 აგვისტოს პერიოდში გაწეულმა ხარჯმა 3 880 396 ლარი შეადგინა.