საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც ოპოზიციურ პარტიებს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსიის შექმნას სთავაზობს, სავარაუდოდ, ვეტოს დადებისთვის ნიადაგის მომზადებაა, - ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია, პრეზიდენტის შეთავაზება დაგვიანებულია. „ეს იდეა, ალბათ, პროდუქტიული იქნებოდა, რამდენიმე ვარიანტი მაშინ განხილულიყო, კომისია რომ შეიქმნა. როდესაც ამხელა გზა აქვს კონსტიტუციის იმ ვარიანტს გავლილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, მეეჭვება, რომ ახლა პროცესის თავიდან დაწყება შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ამ განცხადებით, სავარაუდოდ, ვეტოსთვის ნიადაგს ამზადებს.
„შესაძლოა, პრეზიდენტს გვიან გაახსენდა, რომ ასეთი შეთავაზების გაკეთება შესაძლებელი იყო. ან შესაძლოა, რომ ეს იყოს პირველი ნაბიჯი, ვეტოს დადებისთვის არგუმენტაცია ჰქონდეს. გამზადდეს წინადადებები იმისა, თუ რა ტიპის ცვლილებები იქნება საჭირო ვეტოს დასაბუთებისთვის. აზრი რომ გასჩენოდა ოპოზიციას ან პრეზიდენტს, იმ კომისიის მუშაობის პროცესში უნდა დაეწყოთ რამდენიმე ვარიანტის განხილვა, ემუშავათ თავიანთ ვერსიაზე, თუ არადა, უკეთესი იქნებოდა პროცესი კიდევ უფრო ადრე დაეწყოთ. ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ცნობილი, რომ კონსტიტუციის კორექცია ხდებოდა, ეს უკვე უნდა ყოფილიყო სიგნალი იმისა, რომ კონსტიტუცია არის ეროვნული თემა და მასზე მუშაობა ყველა მათგანისთვის, ვინც პროცესით დაინტერესებულია, დროულია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, უკვე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან, ძირითადი წინააღმდეგობების გათვალისწინებით.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გუშინ განაცხადა.
”უკვე დაიდო რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.