EBRD -ში ხალხს შემთხვევით არ ასაქმებენ - ეს უკვე თავისთავად კარგი რეკომენდაციაა

EBRD -ში ხალხს შემთხვევით არ ასაქმებენ - ეს უკვე თავისთავად კარგი რეკომენდაციაა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში შემთხვევით ხალხს არ ასაქმებენ - ეს უკვე თავისთავად კარგი რეკომენდაციაა, - ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის წარდგენას, რომელიც EBRD-ის მთავარი ბანკირია.

მისივე თქმით, სრულიად მისასალმებელია, თუკი ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დამოუკიდებელი პიროვნება იყოს წარდგენილი.

“მე პირადად ირაკლი მექვაბიშვილს არ ვიცნობ. არც რაიმე მსმენია მის შესახებ, მაგრამ ის, რომ გარკვეული საქმიანობით დაკავშირებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ეს, რა თქმა უნდა, დადებითია. მინდა წარმატება და პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მაქსიმალური დამოუკიდებლობა ვუსურვო. რამდენად შესძლებს საქმისთვის თავის გართმევას, ამას აჩვენებს - ახალგაზრდა კაცის ბიოგრაფია ქართულ სამთავრობო სტრუქტურებში ახლა იწერება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლადო პაპავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილი დღეს წარადგინა.

ამასთან, საპარლამენტო კულუარებში მექვაბიშვილის კანდიდატურა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკაშვილის კანდიდატურად სახელდება. როგორც კერძო საუბრებში აღნიშნავენ, ისინი ერთად ჯერ გაერთიანებულ ქართულ ბანკში მუშაობდნენ და შემდგომაც, საბანკო სისტემაში დიდი ხნის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.