"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში "თავისუფალი საქართველოს" ბრალდებებს პასუხობენ

"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში პარტია "თავისუფალი საქართველოს" ბრალდებებს პასუხობენ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის იურისტის, გოჩა ავალიანის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის აბსოლუტურად რელევანტურია წინასაარჩევნო კამპანია ყველა კანდიდატისთვის თანაბარ ვითარებაში ჩატარდეს.

"ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას. როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან. რაც შეეხება, ბატონი გოგის განცხადებას - წინასაარჩევნო აგიტაციის და კამპანიის ჩატარების დროს "ქართულო ოცნების" კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რაც თითქოსდა გამოიხატა მერიის ბალანსზე რიცხული ტექნიკური საშუალებების თუ ავტომანქანების გამოყენებით, აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად გამოვრიცხავთ. "ქართული ოცნების" შტაბს გააჩნია საკუთარი ტექნიკური საშუალებები და საკმარისზე მეტი ავტომანქანები. ამდენად, მსგავსი აბსურდული განცხადებები მიმართულია მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციისა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანისაკენ. შესაბამისად, კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის 1 პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევას", - განმარტავს შტაბის იურისტი გოჩა ავალიანი.