იურისტები პროკურატურაში პროფკავშირების თავმჯდომარის მამხილებელ მასალებს შეიტანენ

იურისტები პროკურატურაში პროფკავშირების თავმჯდომარის მამხილებელ მასალებს შეიტანენ

პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილს პროფკავშირების ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს და იურისტებთან ერთად პროკურატურაში მისი მამხილებელი მასალების შეტანას გეგმავს.

ოქიტაშვილის განცხადებით, პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს მისი გამარჯვების იმიტომ ეშინია, რომ ორგანიზაციაში აუდიტორთან ერთად შესვლას გეგმავს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების კუთვნილი ქონების გასხვისების რამდენიმე ფაქტი დაასახელა, რომელზეც, მისი თქმით, ადვოკატები შალვა ხაჭაპურიძე და დიმიტრი გაბუნია მუშაობენ და მასალების პროკურატურისთვის წარდგენას გეგმავენ.

„მე ხომ არ ვსაუბრობ, ირაკლი პეტრიაშვილმა ბახტრიონის #11 სტომატოლოგიური კლინიკა რომ წაართვა სიმონ ჩიქოვანის მამას, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს. ამ თემაზე მე არ ვისაუბრებ. ისაუბროს პროკურატურამ. ამ ადამიანის გვერდით დგომა არის დანაშაული. ეს მინდა საზოგადოებამ გაიგოს. რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი თავისი მოსაზრება. ირაკლი პეტრიაშვილი არის ფეოდალი, რომელმაც გაასხვისა პროფკავშირების მთელი ქონება, მათ შორის პროფილაქტიკები, რომელიც თავისი დის ქმარს ერთ ლარად მიჰყიდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მისმა დის ქმარმა ნახევარ მილიონად გაყიდა. სულ ცოტა ხნის წინ თბილისში, უნივერსიტეტის #6-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ორ მილიონად გაყიდა. საირმეში ერთი ჰექტარი მიწა „ცენტრ პოინტს“ მიჰყიდა და კიდევ უამრავი ასეთი ფაქტი. აღარაფერს ვსაუბრობს 3 მილიარდად შეფასებული ქონების სააკაშვილის მთავრობისთვის ერთ ლარად გადაცემაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ოქიტაშვილმა.

მისი თქმით, პეტრიაშვილმა ახალი კანდიდატების წარდგენით ხმების გაყოფა გადაწყვიტა.

„ხმების გაყოფის მიზნით აპირებს ახალი მოთამაშეების გამოჩენას. მას ეს არ გამოუვა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ირაკლი პეტრიაშვილის გვერდით დგომა არის დანაშაული. და თუ ისევ უნდა ვინმეს მისი დარჩენა, მაშინ ქვეყანას ვეტყვით, რომ ვერასდროს ამოვალთ ამ სიტუაციიდან“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება. ამ დრომდე არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი და დავით ოქიტაშვილი იყრიდნენ კენჭს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატი ჩაერთვება - ენერგეტიკის სფეროს მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაშვილი.