სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართება

სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართება

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციას“ გამართავს.

“სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ ჩატარდება 2017 წლის 9-10 სექტემბერს, 14:00 საათზე,  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“. 

კონფერენციის მიზანია სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. 

კონფერენციას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი დაესწრება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის დირექტორი  გიორგი მაჩაბელი.

პროექტის ფარგლებში შეთავაზებული პროფესიული განვითარების გრძელვადიანი ტრენინგ კურსი - ლიდერობის აკადემია, ხელს შეუწყობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.  ლიდერობის პირველი აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა.