კულტურის პალატის თავმჯდომარე პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის მხილებას ითხოვს

კულტურის პალატის თავმჯდომარე პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის მხილებას ითხოვს

პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი და კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ახალ კანდიდატს ამირან ზენაშვილს მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ქონების გაფლანგვაში მხილებას ურჩევს.

ამირან ზენაშვილი წლების მანძილზე პროფკავშირებში ენერგეტიკის სფეროს მუშაკთა პროფკავშირებს ხელმძღვანელობდა. ოქიტაშვილის ცნობით, მისი კანდიდატურის წარდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება.

დღეს პრესკონფერენციაზე ოქიტაშვილმა ირაკლი პეტრიაშვილი ფეოდალურ მმართველობასა და პროფკავშირების კუთვნილი მილიარდობით ლარის ღირებულების ქონების გაფლანგვაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, თუ ამირან ზენაშვილი არ ამხელს ირაკლი პეტრიაშვილის „უმსგავსო ქმედებებს“ და „ფეოდალური მმართველობის სისტემას“, მაშინ ზენაშვილის სახელი პეტრიაშვილთან ასოცირდება და მისი კანდიდატი იქნება.

„ცოტა ხნის წინ ამირან ზენაშვილმა ჩემი კანდიდატურის წარდგენა მომილოცა. მითხრა, პეტრიაშვილს დაველაპარაკები, კანდიდატურა მოხსნასო. დღეს კი მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ ინფორმაციას მატყობინებენ. წარმატებას ვუსურვებ, ჩემი მეგობარია და ახალი კანდიდატის წარდგენა სარჩევნო სივრცეს გახსნის. მაგრამ, თუ ის არ ამხელს პეტრიაშვილის დანაშაულებრივი მმართველობის სქემას, მისი ხაზის გამგრძელებელი იქნება. პეტრიაშვილის ფეოდალურ მმართველობას მხოლოდ სახელის შეცვლით ბოლო ვერ მოეღება. პეტრიაშვილი აკონტროლებს პროფკავშირების ყველა დარგს, რადგან ყველგან თავისი ბიძაშვილები, დეიდაშვილები და სხვა ნათესავები ჰყავს დანიშნული. მას ეს თანამდებობა მამისგან და პაპისგან არ მიუღია და უნდა დამთავრდეს მისი ფეოდალიზმი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე დავით ოქიტაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატად ამირან ზენაშვილის წარდგენა დღეს იგეგმება. პროფკავშირების ახალი თავმჯდომარის არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება.