არსადაც არ აპირებს ჩასვლას და მით უმეტეს, ციხეში ჩაჯდომას სააკაშვილი

არსადაც არ აპირებს ჩასვლას და მით უმეტეს, ციხეში ჩაჯდომას სააკაშვილი

არსადაც არ აპირებს ჩამოსვლას და მით უმეტეს, ციხეში ჩაჯდომას სააკაშვილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და საქართველოში ექსტრადირება მოხდება, ეს ყველაზე მეტად ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.

„როდესაც ვიხილეთ მისი სატელევიზიო გამოსვლა, რაღაც შიშის ელემენტები, მას არ ეტყობოდა, თუმცა არც ისეთ გულად მეომრად მეგულება, რომ იცოდეს, პატიმრობა ერგება საქართველოში და რაიმე თავდაცვითი ნაბიჯი არ გადადგას. უპირველეს ყოვლისა, თუ ვინმე რჩება დაზარალებული ამ ექსტრადიციით, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტია. უკანასკნელი კომუნიკაცია ჩვენი იუსტიციის მინისტრის უკრაინელ პარტნიორებთან იმაზე მიგვანიშნებს, რომ წინდახედულობა აკლდა ასეთ კომუნიკაციას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თბილისი, რომლის ციხეშიც ზის მესამე პრეზიდენტი.

დღესაც, რატომღაც სააკაშვილი არის ყველაზე აქტუალური კომპონენტი ხელისუფლების გამარჯვებისთვის და ჩემი აზრით, ასეთმა ხრიკმა თავისი დრო უკვე მოჭამა. არსადაც არ აპირებს ჩამოსვლას და მით უმეტეს, ციხეში ჩაჯდომას სააკაშვილი. ჩვენს შესამოწმებლად კი პარლამენტის წევრების ჯარი გვეყოლება უცვლელად და ალბათ, ჩვენი პოლიტიკური სირცხვილის შეფასების მოწმენიც გავხდებით“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, თუკი სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლა სურს, მას ამის გაკეთება მარტივად შეუძლია.

„უკრაინაში ჩასვლის ყველაზე მარტივი გზა, არის უკრაინის იმ ნაწილიდან შესვლა, რომელიც ლვოვის მიმართულებიდან არის გადასალახი. ლვოვის მაღალჩინოსნებმა უკვე არაერთხელ მიიპატიჟეს მიხეილ სააკაშვილი და კარგი დახვედრაც აღუთქვეს. გარდა უკრაინისა ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ პოლონეთიც, ლიტვაც მზად არიან ის შეიფარონ და მისცენ საქმიანობის შესაძლებლობები“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეჩერებული აქვს, თუმცა ის ქვეყანაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს. ამასთან, საქართველო სააკაშვილის დაკავებას და სამშობლოში მის ექსტრადირებას ითხოვს.