10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელი მესაზღვრეები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სასაზღვრო ზოლში განსაკუთრებული წესები მოქმედებს.
„ამიტომ, თხოვნით მოგმართავთ, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული იქნება მესაზღვრეების განაწესი, რათა პროვოკაციები არ დაუშვან.