„განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ გამორჩეული ლიდერი - ასე წარადგინა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ქუთაისში პარტიის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ქუთაისს გრიგოლ ვაშაძის ენერგია და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. ამასთან, მელიას თქმით, პარტიამ ძალიან ბევრი იფიქრა, სანამ ქუთაისში შესაბამის კანდიდატზე შეჩერდებოდა.
”იმისათვის, რომ ქუთაისმა კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა დაიბრუნოს, ქუთაისისადმი განსხვავებული მიდგომაა საჭირო. ქუთაისს სჭირდება მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა. სჭირდება ადამიანი, რომელიც მოიძიებს რესურსებს და ინვესტიციებს ქუთაისელების საკეთილდღეოდ. სჭირდება ადამიანი, რომელიც ქუთაისს მოაქცევს საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
აქედან გამომდინარე, ჩვენმა განახლებულმა პოლიტიკურმა გუნდმა ყველაზე დიდხანს იფიქრა ქუთაისის მერობის კანდიდატის შერჩევისას. მე წარმოგიდგენთ უნიკალური გამოცდილების პოლიტიკოსს, რომელიც ყველასთვის ცნობილია არა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ის წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, მის სახელს უკავშირება ქვეყანაში უმსხვილესი ინვესტორების შემოყვანა. მის სახელს უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. მისი ენერგია და ინტელექტუალური რესურსი, როგორც არასდროს ისე სჭირდება ქუთაისს და ქუთაისელებს,” - განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს, ქუთაისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი წარადგინეს. პარტიამ ადგილობრივებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარუდგინა. კანდიდატის წარდგენა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შედგა.