როგორც ჩანს, ბატონი ბუკიკიოს, მარკერტის იმედგაცრუება იმ დოკუმენტშიც აისახება, რომელსაც ვენეციის კომისია სექტემბრის ბოლოსთვის გამოაგზავნის

როგორც ჩანს, ბატონი ბუკიკიოს, მარკერტის იმედგაცრუება იმ დოკუმენტშიც აისახება, რომელსაც ვენეციის კომისია სექტემბრის ბოლოსთვის გამოაგზავნის

სამწუხაროდ, კონსტიტუციური პროცესი ცუდი დასასრულისკენ მიემართება, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა საზოგადოებაში კონსტიტუციისადმი ნდობის გადარჩენაა.

„საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან მკაფიო პოზიცია ხელისუფლებას აღარ ესმის, არ უნდა ამის გაგება. აღარაფერს ვამბობ შიდა პოლიტიკური ძალების შეგონებაზე, პროტესტზე, მოთხოვნაზე... ეს ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. საქართველომ გამოარა საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩვის ძალიან ბევრი ეტაპი. სხვადასხვა საფუძვლის გამო აღარ და ვეღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ქვეყანა იყო დაქუცმაცებული. ერთადერთი რამ, რაც აერთიანებდა ქვეყანას და რომლის გამოც საზოგადოების გახლეჩვა არ მომხდარა, იყო კონსტიტუცია. ეს არის უკიდურესად გასაფრთხილებელი დოკუმენტი. მე ნამდვილად არ მესმის, ეს როგორ არ ესმის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლიდერებს, რომ ასე ერთპიროვნულად მიღებული კონსტიტუცია დანარჩენი საზოგადოებისთვის კარგავს დატვირთვას, ნდობას, ძალას, პატივისცემას, შემაკავშირებელ-მაკონსოლიდირებელ ფუნქციას. ახლა მთავარი ამოცანაა კონსტიტუციისადმი ნდობის გადარჩენა საზოგადოებაში, ამიტომ დაუშვებელია იმათ, ვინც ამ კონსტიტუციით უკმაყოფილოები ვართ, მას ფარატინა ქაღალდი ვუწოდოთ. ამით ძირს ვუთხრით საკუთარ სახელმწიფოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში „შენების მოძრაობა“ საზოგადოებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას შესთავზებს. უსუფაშვილის თქმით, ეს სისტემა „დემოკრატიული პრინციპების დაურღვევლად ქვეყანას და ხალხს მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს“.

„ეს იქნება ამომრჩეველზე ორიენტირებული სისტემა და არა პოლიტიკურ პარტიაზე ორიენტირებული. ჩვენი სისტემა იქნება ამომრჩევლის ინტერესებზე ორიენტირებული სისტემა და არ იქნება წინააღმდეგობაში იმ პოლიტიკური ძალების ძირითად პრინციპებთან, რომელიც იყო დღემდე გამოქვეყნებული. კონსტიტუცია უნდა იყოს არა შავ-თეთრ ფერებში დანახული პროცესი, არამედ ოქროს შუალედებით აგებული პროცესი “, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიისთვის მიმართვას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან მას ჰქონდა და აქვს ამ პროცესთან დაკავშირებით კონტაქტი.

„მქონდა და მაქვს კონტაქტი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ ის, რასაც საჯაროდ აცხადებენ ბატონი ბუკიკიო, მარკერტი და სხვები, ეს მათი გულწრფელი პოზიციაა, გულწრფელი შეშფოთება და გულწრფელი იმედგაცრუება. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი იმ დოკუმენტშიც აისახება, რომელსაც ვენეციის კომისია სექტემბრის ბოლოსთვის გამოაგზავნის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.