საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია ცნობილი 20-22 სექტემბერს გახდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი აღნიშნულ დასკვნას სწორედ ამ პერიოდისთვის ელოდება.
მისივე განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს თავად გაასაჯაროებს.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითი იქნება.
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა ეხება იმას, თუ რამდენად გაიზიარა სახელმწიფომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
"ჩვენი შეთანხმების თანახმად, ვენეციის კომისიასთან, დასკვნის წინასწარი ვერსია უნდა გახდეს ხელმისაწვდომი კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღებამდე, ანუ დაახლოებით 20-22 სექტემბერს. ჩვენი მიზანია, რომ როგორც კი მივიღებთ, საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი და დისკუსია იყოს ამ დოკუმენტზე. ვენეციის კომისია აკეთებს პირველად პროექტზე დასკვნას და შემდგომ, მეორე მოსაზრება არის შეფასება იმის, გაითვალისწინა თუ არა სახელმწიფომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ვინაიდან, დოკუმენტის მიმართ ვენეციის კომისიის შეფასება იყო ძალიან პოზიტიური და მაქსიმალურად დადებითად იყო შეფასებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ გვაქვს ახლაც პოზიტიური შეფასების მოლოდინი. ამასთან, თუკი რაიმე წვრილმანი შენიშვნები იყო, ის შენიშვნებიც არის გათვალისწინებული მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში. ვენეციის კომისია გვეთანხმებოდა პრინციპულ საკითხებში და ის რეკომენდაციებიც არის გათვალისწინებული", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თავად ვენეციის კომისია აღნიშნულ დასკვნას პლენარულ სხდომაზე 6-7 ოქტომბერს დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრას სექტემბრის ბოლოს გეგმავს.