საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისია გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე „ქართული ოცნება“

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისია გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე „ქართული ოცნება“

საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმდინარე პროცესებზე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენეციის კომისია გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს ბოლო განცხადებაც, სადაც ის კომპრომისის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. თამარ კორძაიას შეფასებით, კარგია, რომ ვენეციის კომისიამ მოახერხა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება და კომისიის წინასწარი დასკვნის გარეშე საკონსტიტუციო პროექტი მიღებული არ იქნება.

„ბატონი ბუკიკიოს განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვენეციის კომისია მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში არსებული ვითარების გამოსწორებას. მათ კიდევ ერთხელ შეაფასეს შემუშავებული ცვლილებები და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მნიშვნელოვანია კომპრომისის მიღწევა. კომპრომისი გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

კარგია ის, რომ ვენეციის კომისიამ მოახერხა შეთანხმება ხელისუფლებასთან და მისი წინასწარი დასკვნის გარეშე სექტემბერში „ქართული ოცნება“ არ მიიღებს კონსტიტუციურ ცვლილებებს მესამე მოსმენით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რჩევები და მინიმუმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წავიდეს კომპრომისზე ოპოზიციურ პარტიებთან და შეცვალოს ის მუხლები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხელს უშლის. მნიშვნელოვანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდანვე გადავიდეს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.