პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა ბესელიას, ივლიანე წულაიასა და ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი უძღვებოდა.
საკანონმდებლო ინიციატივა ეხება კანონპროექტებს „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლებიც კომიტეტის წევრებს ერთ-ერთმა თანაავტორმა ანრი ოხანაშვილმა ზოგადი პრინციპების დონეზე წარუდგინა.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.
წარმოდგენილი ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავრობამ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იხელმძღვანელოს.
ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, იურიდიული კომიტეტის სხდომას წინ უძღოდა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც წინადადებები გამოითქვა, მათგან რამდენიმე კანონპროექტების ავტორებმა გაითვალისწინეს. მათ შორის იყო მოსაზრება, რომ კომერციულ ბანკებს გათანაბრებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.