"ბატონო ოთარ, გისმენდით დ მართლა ცდილობთ, რომ იყოთ კრიტიკული, მაგრამ რამდენად გამოგდით ეს მეორე საკითხია"

ბატონო ოთარ, გისმენდით დ მართლა ცდილობთ, რომ იყოთ კრიტიკული, მაგრამ რამდენად გამოგდით ეს მეორე საკითხია, მაგრამ მე მინდა, რომ  ელემენტარულ რჩევა მოგცეთ. თქვენ ცდილობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად მთელი კოორდინაციით იყო მობილიზებული ჩვენი ქვეყნის რესურსები იმისათვის, რომ მართლაც ძალიან საშიშ ბუნებრივ გამოწვევას გავმკლავებოდით, თქვენ უსაფუძვლო კრიტიკით ცდილობთ, რომ დააკნინოთ ის სახელმწიფო უწყებები და ის ინსტრუმენტები, ინსტიტუტები, რომლებიც რეალურად არიან ამ ქვეყანაში მსგავსი  ტიპის კრიზისების დასაძლევად შექმნილი, მაგრამ ჩემი რჩევა იმაში მდგომარეობს ბატონო ოთარ, რომ ელემენტარულად გაერკვიოთ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში, გაერკვიოთ მათ ინსტრუქციებში, გაერკვიოთ იმ გეგმებში რომელიც ამ უწყებას გააჩნია და მეტსაც გირჩევთ, რომ იქნებ, ერთხელ კეთილი ინებოთ და მიბრძანდეთ, დეპუტატი ბრძანდებით და გაქვთ ამის უფლება.

მე, მეორეს მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ამ საბჭოს ჩამოყალიბების პირველი დღიდან ჩართული ვიყავი ამ პროცესში და შესაბამისად, მაქვს პატივი გითხრათ, რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება. რა თქმა უნდა,  გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია ამ მხრივ, ბრიტანელი კოლეგები ჩართული არიან და მაქსიმალურად გვიწევენ კონსულტაციას, ექსპერტიზას. მე მეტსაც გეტყვით, რომ თავად ბრიტანელების შეფასებით ეს არის ინსტრუმენტი, ინსტიტუტი, რომელიც ანალოგია „კობრას" ტიპის ბრიტანული მოდელის, თუმცა თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით ეს უფრო ეფექტურია, ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდეს, იმის ნაცვლად, რომ  ჩვენ ყველამ ერთად ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ სისტემის რეპუტაციას და მის მოქმედებას ხელი შევუწყოთ, უსაფუძვლოდ ხდება თქვენი მხრიდან კრიტიკა, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელი არ არის. ამიტომ გირჩევთ გაერკვიეთ ელემენტარულ ფუნქციებში, ცოტა კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ და მერე კრიტიკას სიამოვნებით მივიღებთ.

მინდა გამოვეხმაურო ბოლო თვეებში ჩატარებულ ძალიან მაღალ საერთაშორისო დონის წვრთნებს. მართლაც თავის მასშტაბით გამორჩეულ იყო ის წვრთნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო „ღირსეული პარტნიორი 2017". მართლაც უპრეცენდენტო -2800 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას ამ წვრთნებში. ნატო წევრი 8 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის გამორჩეულად იყო წარმოდგენილი აშშ-ი შესაბამისი სამხედრო ტექნიკით. ეს იყო ამერიკული ტიპის „აბრაამსი", „ბრედლი", ასევე პირველად გამოჩნდა „სტრაიკერი", ასევე გერმანულ „ბოქსერი" და ამ წვრთნებმა ჩაიარა უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზე. მე მინდა    მივესალმო ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სამინისტროს ხელმძღვანელობას და კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო ამ დღეებში დაწყებულ  „Agile Spirit 2017"-ს, რომელიც ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ტარდება. 1500 ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას და მინდა პირველ რიგში პოლიტიკურ დონეზე გავუსვა ხაზი ასეთ ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ნატოს წევრ ქვეყნებთან. კიდე ერთხელ გაგახსენებთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, უპრეცენდენტო მხარდაჭერას და იმ შეცვლილ ტერმინს, რომელსაც მე მივესალმები - ჩვენ გადავდივართ მოკავშირეობის რეჟიმზე  პარტნიორობიდან, და ეს ჩვენთვის არის დამატებითი სტიმული იმისათვის, რომ ნატოში ინტეგრაციაში თვალსაზრისით ჩვენ უფრო ეფექტური და სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ.