არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირულ საქციელს და ხაზი არ გავუსვა ამ საკითხს, მაგრამ არა მხოლოდ, მეხანძრე-მაშველები და მათთან ერთად მთელი ხელისუფლება ფაქტობრივად, საზოგადოება პროცესებს ძალიან კარგად აკვირდებოდა, როგორ იდგა იქ, სადაც იყო ყველაზე რთული ვითარება და როგორ იღებდა ძალიან სწორ გადაწყვეტილებებს. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო მთლიანად მთელს ხელისუფლებას, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, რომლებმაც სწორედ იმ დროს აღმოგვიჩინეს დახმარება, როცა ეს საქართველოს სჭირდებოდა.
ასევე, ვერ დავტოვებ ყურადღების გარეშე ჩვენი დღევანდელ ოპოზიციაში მყოფი მეგობრების და კოლეგების შეხედულებებს. მეგობრებო, ამ პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი იცის სხვაზე „უკეთ". მათ ძალიან კარგად იციან როგორ დაწერონ კონსტიტუცია და 2010 წელს დაწერეს ისეთი ცვლილებები კონსტიტუციაში, სადაც ძალადობრივ რეჟიმს საუკუნო რეიხს უკანონებდნენ და ეს ყველამ კარგად იცის. მათ კარგად იციან, როგორ ებრძოლონ კურსთან მიმართებაში არსებულ პრობლემებს და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ პროგნოზირებდნენ აპოკალიფსებს და სწორი, ზუსტი და თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ერთდროულად ატარებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად ისე, როგორც უნდა იყოს [ და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა საერთაშორისო კოლეგებმაც და ფინანსურმა ინსტიტუტებმაც. მათ ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უნდა ჩააქრონ ხანძარი და ერთი სიტყვა არ ცდებათ იმისთვის, რომ დადებითად შეაფასონ მთავრობის კუთხით გაწეული არაერთი ზუსტი ქმედითი ნაბიჯი ამ მთელ პროცესთან მიმართებაში. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის მერე წააგო აბსოლუტურად ყველა არჩევნები საქართველოში. მე მინდა, სწორედ არჩევნებზე გესაუბროთ, ვისაუბრო საარჩევნო გარემოზე, და მარტივი პარალელი შეიძლება გაევლოს იმ პერიოდთან და ამ პერიოდთან. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და მაქსიმალურად მიახლოება მაქსიმუმზე, რასაც დემოკრატიული სტანდარტები ჰქვია. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას წინა სესიის დასრულებამდე. მაშინ ისეთ ცვლილებებზე დათანხმდა ხელისუფლება, რომელსაც არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი ნებით და სურვილით, რომ დემოკრატიული თეზა, დემოკრატიული მიმართულება იყოს ყოველდღიური ჩვენი საქმიანობის ნაწილი, გადადგა ეს ნაბიჯი. მე ვგულისხმობ იმ მოცემულობას, როდესაც შესაძლებელია რეგიონებში კანდიდატები ერთდროულად მერის არჩევნებშიც იყოს მონაწილე და პროპორციულ სიაშიც. ამას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებდა ნაციონალური ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს მის ინტერესში არ შედიოდა. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს, ერთი მხრივ, კანონმდებლობის კუთხით აბსოლუტურად მოწესრიგებული და მეორე მხრივ, ჩვენ ცხელი ზაფხული გადავიტანეთ, იქნება შემოდგომა, იქნება საარჩევნო ბატალიები. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ჯანსაღი საარჩევნო მარათონი და იმისთვის, რომ ამ მარათონმა ძალიან წარმატებით ჰპოვოს დასასრული, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ამის პირობას ვდებთ.