კოლეგებო მოგესალმებით, გავხსენით საშემოდგომო სესია და ყველას ნაყოფიერი მუშაობა მინდა გისურვოთ.
მინდა გამოვეხმაურო წელს არსებულ მდგომარეობას, რომელიც უკავშირდება ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებს. პირადად ვიმყოფებოდი, განსაკუთრებით აგვისტოში, ცხელ კერებში და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არა ძალიან სწორად დაგეგმარებული პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელიც საგანგებო შტაბმა მიიღო, და რა თქმა უნდა ძალიან გულმოდგინე და თავდადებული მუშაობა ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ზიანის მასშტაბები გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა.
ხანძრის გავრცელების მასშტაბებს თუ ავიღებთ, შეიძლება ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენიმე სხვა ხანძარი უფრო დიდი მასშტაბის იყო, მაგრამ აქ უფრო თვალშისაცემია რაოდენობრივად ის კერები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყო. პირადად მეც ვთვლი, რომ კითხვები ჩნდება თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ აუცილებელია, რომ ხაზი გავუსვათ იმ ზოგად ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებებს და იმ შედეგებს, რომლებსაც ჩვენ უნდა ველოდეთ მომავალშიც.
დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დადებს საბოლოო შედეგებს და ჩვენ გვეცოდინება პასუხი, თუ რა იყო რეალურად ამის გამომწვევი მიზეზი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და რომ არა მათი ძალისხმევა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა, იმ ქვეყნებს, რომლებმაც დახმარება გაგვიწიეს და ერთობლივი მუშაობით შევძელით დაგვეძლია ჩვენ ყველა ეს პრობლემა.
დღეს კიდევ დარჩენილია რამდენიმე კერა, რომელზეც მიდის მუშაობა, სრული მობილიზაციაა და მე მინდა ყველა მათ, ვინც იქ არის მობილიზებული, წარმატება ვუსურვო და მალე მივიღოთ დადებითი და კარგი ამბები ყველა კერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
აქვე ხაზს გავუსვამდი კიდევ ორ საკითხს - ერთი, რომ მიუხედავად მთელი ამ პროცესებისა, არასოდეს ემუქრებოდა საფრთხე და სრული კონტროლის ქვეშ იყო ყველა დასახლებული პუნქტი, რომლებზე ზრუნვაც პრიორიტეტული იყო, და მეორე - ის ზოგადი საკითხი, რომ ჩვენ, გარემოს დაცვის კომიტეტმა, დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში მოვიწვიეთ სხდომა, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის საკითხს. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ გამომდინარე ბუნებრივი პროცესებიდან, ეს მოსალოდნელია მომავალ წელსაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ პროცესებში, ძირითადად ვგულისხმობ ტყის მცველებს, რეინჯერებს, საგანგებო სამსახურის, სათანადო უწყებების წარმომადგენლებს, აუცილებელია მათი რაოდენობრივი ზრდა და მათ ხელფასებზე ზრუნვა. დღეს არსებული მდგომარეობით, დიდი გადინება არის განსაკუთრებით სატყეო სააგენტოს თანამშრომლებში და ჩვენი ვალია, რომ ვიზრუნოთ მათი რაოდენობრივი და მათი ხელფასების თანხობრივი მოცულობა იყოს შესაბამისი იმ სამუშაოსთან, რომელსაც ისინი ასრულებენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მათ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და განსაკუთრებით წარმატება მინდა ვუსურვო მათ ვინც აგრძელებენ მუშაობას დარჩენილი კერების ლიკვიდაციაში.