თუ სანქციების მიზანი ჩრდილოეთ კორეის გაგუდვაა, მაშინ რუსეთი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს

თუ სანქციების მიზანი ჩრდილოეთ კორეის გაგუდვაა, მაშინ რუსეთი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს

რუსეთი მხარს არ დაუჭერს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს თუ ამგვარი სანქციების მიზანი სახელმწიფოს კოლაფსი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ მორგულოვმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

„ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ბირთვული იარაღი და სარაკეტო პროგრამა ბოლო რამ იქნება, რაზეც ჩრდილოეთ კორეა უარს იტყვის. როგორც გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეელები ბალახს შეჭამენ, მაგრამ უარს არ იტყვიან ბირთვულ იარაღზე“, - აღნიშნა მორგულოვმა.

მისივე შეფასებით, თუ ამ სანქციების მიზანი ჩრდილოეთ კორეის გაგუდვაა, მაშინ რუსეთი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც დიპლომატმა განმარტა, რუსეთის შეთავაზება ის არის, რომ კონფრონტაციულ-სასანქციო რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე მოხდეს გადასვლა.

ოფიციალური მოსკოვის აზრით, „მთავარია გაგებულ იქნას თუ რა დგას ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის მისწრაფების უკან“.