საკონსტიტუციო ცვლილებებზე მორიგი დისკუსია და დებატები საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ”სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს საშუალება ექნება თვალი მიადევნონ ამ პროცესს და მონაწილეობა მიიღონ მესამე მოსმენის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში”.
”საკონსტიტუციო რეფორმამ, ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესმა კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით დადგენილი ყველა ეტაპი გაიარა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული იყო არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება. იყო საჯარო განხილვები. შემდგომში იყო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეციის კომისიასთან, შემდეგ პოლიტიკური განხილვები და დებატები პარლამენტში. საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განვიხილავთ. მორიგი დისკუსია და დებატები საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაიმართება ”, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს.