ლარის კურსზე ზედმეტი პანიკის დათესვა და გარკვეული პოლიტიკური შეფასებები მოსახლეობას შეცდომაში შეიყვანს

ლარის კურსზე ზედმეტი პანიკის დათესვა და გარკვეული პოლიტიკური შეფასებები მოსახლეობას შეცდომაში შეიყვანს

ლარის კურსთან დაკავშირებით ზედმეტი პანიკის დათესვა და გარკვეული პოლიტიკური შეფასებები, მხოლოდ შეცდომაში შეიყვანს მოსახლეობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლარის გაუფასურების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლარის კურსი არის მცურავი კურსი და ის დამოკიდებულია საბაზრო ეკონომიკაზე, საბაზრო პროცესებზე, რომელიც ქვეყანასა და მსოფლიოში ვითარდება.

”პირადად მე მჯერა, რომ ლარის კურსი დარჩება სტაბილური, იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რაც სავალუტო კურსთან მიმართებაში აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4926 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4926 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4502 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0424 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9662 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9177 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0485 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.