პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.
„განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს კონსტიტუციას. საბოლოოდ მესამე მოსმენით უნდა ვუყაროთ კენჭი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს. ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ დეზინფორმაციას კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა: დღეს გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტის პროექტი, რომელიც მეორე მომენითაა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, თითქოს გარკვეული საკითხები არის ჩასწორებული კონსტიტუციაში განსხვავებით მეორე მოსმენით დარიგებული დოკუმენტისგან. სინამდვილე არის შემდეგი: დოკუმენტში არის ოთხი ცვლილება შეტანილი და ეს დოკუმენტი განსხვავდება მეორე მოსმენის დროს დარიგებული ვარინატისაგან. ოთხივე ცვლილება პროექტში შეტანილია იმ შენიშვნების მიხედვით, რომლებიც პლენარულ სხდომაზე გამოითქვა. ერთი - ტექნიკური ცვლილება ეხება ღირსების უფლების შესახებ მუხლის სათაურს და შესაბამისი შენიშვნის ავტორი იყო ანრი ოხანაშვილი. მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას - აკაკი ზოიძის ინიციატივა იყო ფორმულირების დახვეწა და ამ ინიციატივის შესაბამისად შეიცვალა შესაბამისი ფორმულირება. ასევე შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს - გიორგი ხატიძის ინიციატივა იყო, რომ დაკონკრეტებულიყო ორგანული კანონის დათქმა, ანუ მითითება დაემატა ნორმას იმის თაობაზე, რომ ორგანული კანონით დადგენილი წესით აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბოლოს მეოთხე საკითხი - გაზიარებული იყო თამარ ხულორდავას ინიციატივა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას ექვსი წლის ვადით, ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა. ეს ცვლილება ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს პარლამეტი ირჩევა პროპორციული წესით პირველად 2024 წელს და სასურველი იყო, მხოლოდ ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი ახალი, არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსნის მიერ.
„ეს იყო ოთხი შენიშვნა, რომლებიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და რომლებიც გაზიარებულ იქნა ჩემს მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ და აქედან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორება არის შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც დარიგდა მეორე მოსმენისათვის. აქდან გამომდინარე, დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, გავრცელდა, თუმცა მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენისას დოკუმენტში არარედაქციული ცვლილებები შექონდათ და როდესაც დოკუმენტში აპარებდნენ გარკვეულ ცვლილებებს. თქვენ გახსოვთ, 2010 წელს, როდესაც მაშინდელი მოწვევის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, მესამე მოსმენის დროს შევიდა არაერთი არასარედაქციო ცვლილება დოკუმენტში, თითქმის ფუნდამენტურად გადაისინჯა დოკუმენტი მესამე მოსმენისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, ასეთი მანიპულაციები, ბუნებრივია, არ არის ჩვენთვის, პარლამენტის მოქმედი ხელმძღვანელობისთვის, პარლამენტის მოქმედი შემადგენლობისთვის დამახასიათებელი და, შესაბამისად, ჩვენ დავდეთ ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს ინფორმაციისთვის, რომელიც მსურდა გამეზიარებინა თითოეული დეპუტატისათვის და ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და განსაზღვრეს შესაბამისი კომიტეტები.
სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტს პრემიერ-მინისტრისგან წარედგინა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში. ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, წარმოდგენილია „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის" განხილვის განრიგი და საკითხის განხილვას კომიტეტები მომავალი კვირიდან შეუდგებიან.
ბიურომ რამდენიმე კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რამდენიმე საკითხი კი ცნობად მიიღო.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 6 სექტემბერს, 12.00 საათზე პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება, მანამდე კი, იქვე, 11.30 საათზე შედგება ბიუროს სხდომა, რომელიც პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს.