ნიკა გვარამია გიორგი მამალაძეს შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში ადვოკატობას სთავაზობს

ნიკა გვარამია გიორგი მამალაძეს შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში ადვოკატობას სთავაზობს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობას სთავაზობს, - ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას", - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.