მიხეილ რამიშვილი:   საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს

მიხეილ რამიშვილი: საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროცესიდან გამოსულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმეს ძალიან მალე წაიღებენ სტრასბურგის სასამართლოში.

"კანონი გვავალდებულებს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლო დაემსგავსება დაქირავებულ მოსამართლეებს, ეს არ ვიცი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება არაფრისმთქმელი და არაფრისმკეთებლი მოსამართლეები. ესენი ვერ განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. ჩვენ დაცვის და უფლების გარეშე ვართ. მოსამართლემ იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციას და ყველანაირ კანონმდებლობას, რაც კი არსებობს. ის მოტივაცია და ის სურვილი, რომ მამა გიორგი დაესაჯათ, მათი დასჯა იქნება. მოგეხსენებათ, მის მიმართ წაყენებული ბრალდება პატიმრობას 16-წლიდან ითვალისწინებს, მაგრამ გამოსავალი ვერ ნახეს და 9 წელზე ჩამოვიდნენ, კვალიფიკაციის შეცვლა განახორციელეს. ჩვენ ძალიან მალე მოგვიწევს სტრასბურგში საქმის წაღება და სასირცხვილო გადაწყვეტილებას აიფარებს სახეზე სასამართლო თავისი ხელმძღვანელობით და ხელისუფლებით", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.