დღევანდელი შეხვედრა მაინცა და მაინც დიდი შედეგით ვერ დასრულდა, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ იყო მზად პასუხი გაეცა მთავარ კითხვაზე, რამდენად არის მზად, 2020 წლისთვის სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე გავაგრძელოთ მსჯელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელმა, შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
”ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი შეხვედრისთვის გაგვცემენ. სწორედ მათ პასუხზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი დასხდება თუ არა სალაპარაკოდ მაგიდასთან. ამ კითხვაზე პასუხის გარეშე გამოდის, რომ ხელისუფლება არ არის განწყობილი ოპოზიციასთან კონსენსუსისთვის და ცდილობს კონსენსუსის იმიტაციის შექმნას”, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე მისული საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყო ერთსულოვანი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხს მომდევნო შეხვედრაზე ელის, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის შედგება. მანამდე კი, მმართველი უმრავლესობა გუნდის შიგნით კონსულტაციების გამართვას გეგმავს.