კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია

კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია

კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ კონსტიტუცია იყოს ხარისხიანი.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, დარჩება თუ არა ოქრიაშვილი უმრავლესობაში იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება საარჩევნო სისტემა. დეპუტატის განმარტებით, ის არის და დარჩება უმრავლესობაში. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილება. მაგალითად პრეზიდენტის არჩევის წესი. ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა, რაც იმით ახსნა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მიმდინარეობს დიალოგი და ამ პროცესის დასრულების შემდეგ ის ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, რაც მედიის წარმომადგენლებს ექნებათ. 

”კონსენსუსი მთავარი არ არის. მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია. ჩვენ მივიღებთ ხარისხიან კონსტიტუციას. გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა, ვარ და ვიქნები უმრავლესობაში. მთავარი არ არის მაჟორიტარული არჩევნები. კონსტიტუციაში სხვა უამრავი საკითხია. მაგალითად პრეზიდენტის არჩევის წესი. მე ვთვლი, რომ თუ იქნება შენარჩუნებული პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის წესი, ჩვენ საპარლამენტო სისტემიდან კვლავ საპრეზიდენტო სისტემაზე უნდა გადავიდეთ. მე მექნება ბრიფინგი, რომელიც შედგება პოლიტიკური პარტიების შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ და ამ შეხვედრის შემდეგ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე”, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 

როგორც ცნობილია, კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ეთანხმება. რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ერთსულოვანი პოზიცია არ არის. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა, კახა ოქრიაშვილი უმრავლესობის რიგებს დატოვებდა , თუმცა ოქრიაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა, უმრავლესობაში დარჩება.