ნიკა რურუა:  პრეზიდენტის არჩევის წესზე ვაჭრობას არ ვაპირებთ

ნიკა რურუა: პრეზიდენტის არჩევის წესზე ვაჭრობას არ ვაპირებთ

პრეზიდენტის არჩევის წესზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ, საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"ლაპარაკს აზრი ექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნდება ის მოცემულობა, რომელმაც გაიარა საერთო-სახალხო განხილვები, რომელიც წარდგენილი იყო ვენეციის კომისიისთვის და რომელიც გულისხმობს დაბრუნებას იქ, საიდანაც დაიწყო მთელი ეს პროცესი, რომ 2020 წელს ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა და ასევე, ჩვენ დავამატეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვაჭრობას არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ვითხოვთ პლებისციტის ჩატარებას. თუ ისინი ამაზე მოდიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი სერიოზულები არიან და გულწრფელები, რომ ვიმუშაოთ ერთად. თუ ქმნიან ილუზიას იმისთვის, რომ ვითომ ცდილობენ კონსენსუსის შექმნას და ვინმე ამაში ხელს უშლის, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ",- განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს.

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო.