პარლამენტის თბილისის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შესახვედრად პარლამენტში მოვიდნენ როგორც ე.წ. კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არაკვალიფიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც ინტერპარტიულ ჯგუფში არიან გაერთიანებული.
მმართველ გუნდთან შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილია, რომელიც პარლამენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება.
ოპოზიციის მოთხოვნა ამ მიმართულებით უცვლელია. მათი განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გადაუნაწილებელი მანდატების განაწილება უნდა მოხდეს პროპორციული წესით. ოპოზიციის მოთხოვნაა, საარჩევნო ბარიერის დაწევა და საარჩევნო ბლოკების შექმნის დაშვება.
შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება. არსებული ინფორმაციით, მასში უმრავლესობის მხრიდან ექვსივე ფრაქციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრას უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. დღევანდელ აუდიენციაში არ მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.