ანა დოლიძემ უკადრებელი იკადრა - მისი თანამდებობაზე გაჩერება შეუძლებელი უნდა იყოს

ანა დოლიძემ უკადრებელი იკადრა - მისი თანამდებობაზე გაჩერება შეუძლებელი უნდა იყოს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უკადრებელი იკადრა - ასეთი არაეთიკური გამოსვლის შემდეგ, ანა დოლიძის თანამდებობაზე გაჩერება შეუძლებელი უნდა იყოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, სიტყვები და ეპითეტები, რომელიც ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გამოიყენა, მხოლოდ ირაკლი კობახიძეს არ უკავშირდება და იგი სახელმწიფოსა და სახელმწიფო სტრუქტურას - პარლამენტს ეხება.

”დისკუსიას აქვს თავისი ფორმა, ჩამოყალიბებული რეგლამენტის მიხედვით. დისკუსიაში შესვლის და დისკუსიიდან გამოსვლის საკითხები გაწერილია. რაც შეეხება ემოციას და იმის მტკიცებას, რომ ანა დოლიძეს შეუძლია პრეზიდენტისებრ ისაუბროს, ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს არანაირად საწყენი კომენტარი არ გაუკეთებია. პარლამენტის თავმჯდომარემ ყოველგვარი ემოციის გარეშე მიუთითა, რომ არსებობს საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის გარკვეული ფორმა. გამომდინარე აქედან, სთხოვა, არ გადასულიყო სხვა თემებზე და არ შესულიყო ისეთ პოლემიკაში, რომელიც პოლიტიკურ პოზიციას შეიცავდა.

მე არ დამინახავს კატეგორიულობა შენიშვნაში, რომელიც ირაკლი კობახიძეს ჰქონდა. პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილებოდა და მისი წარმოდგენა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პირადი პოლიტიკური პოზიციების გამოხატვას არ ითვალისწინებს. საუბარი იყო ამაზე და პარლამენტის თავმჯდომარემ ემოციებისგან დაცლილი განცხადება გააკეთა. საქმე იმაში კი არ არის, ვარჩიოთ რეგლამენტით რომელია მართალი, საქმე იმაშია, რომ საპარლამენტო მდივანმა უკადრებელი იკადრა, როდესაც ამ პოლემიკის პერიპეტიები შეაფასა.

მან ყოველგარ ეთიკასა და ნორმას გადაცილებული შეფასებები გააკეთა, რაც შეუფერებელია საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე შემდგომი გაჩერებისათვის. მის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუღებელი და შეუფერებელია იმ თანამდებობისათვის, რომელსაც ანა დოლიძე იკავებს. როდესაც საპარლამენტო მდივანი ხარ, რომელმაც მუდმივად უნდა იმუშაოს პარლამენტთან, ასეთი ლაპარაკი აბსოლუტურად შეუსაბამოა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძის გამოსვლა რამდენჯერმა შეაწყვეტინა, მიუთითა, რომ მისი მოსაზრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მას, როგორც საჯარო მოხელეს, პარლამენტში ამ ფორმით დისკუსიის გამართვის უფლება არ ჰქონდა.

ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის "შარიკოვი".