„არსებობს ეჭვი, რომ ფინანსური გარიგება მოხდა“ – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს ერთგვაროვანი შეფუთვის ვალდებულების გადავადებაზე

„არსებობს ეჭვი, რომ ფინანსური გარიგება მოხდა“ – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს ერთგვაროვანი შეფუთვის ვალდებულების გადავადებაზე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადავადებას გარკვეული პირების ინტერესს უკავშირებს და აცხადებს, რომ მიზეზად ფისკალური შედეგების დასახელება აბსურდია 

თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადავადება ხდება - შესაბამისი ნორმები 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს, გამარტივებული წესით, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს, რომელიც გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

ცვლილებების თანახმად, მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა ან/და განლაგების წესი 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად, 2022 წლის 1-ელ ივლისამდე დაამტკიცოს. შემოთავაზებული ცვლილებით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება, ნაცვლად 2018 წლის 1-ელი იანვრისა.

როგორც თამბაქოს ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, ცვლილებების მზადდების შესახებ იცოდა, თუმცა საკითხი რომ ასე სწრაფად გადაწყდებოდა, არ ელოდა.

„ცვლილებები რომ მზადდებოდა ვიცოდით, მაგრამ ასე ფორსირებულად, ორ დღეში თუ გავიდოდა, ეგ არ ვიცოდით. ჩვენი წინადადება ასეთი იყო, რომ შესაბამისი ნორმების ამოქმედება 2018 წლის ბოლომდე ყოფილიყო გადატანილიყო და არა 2022 წლამდე. ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება, თამბაქოს ინდუსტრიის ნება-სურვილზე დამყარებული, რასაც ხელი მოაწერა 13-მა პარლამენტარმა. თავდაპირველ კანონპროექტში 2018 წლის 1–ლი სექტემბერი ეწერა. საპარლამენტო განხილვების დროს, ერთ-ერთმა პარლამენტარმა თქვა, მოდი იანვრიდან შევიტანოთ ძალაშიო. ამას მხარი დაუჭირეს. ჩვენ კი ვეწინააღმდეგებოდით. ის, რაც ახლა შემოგვთავაზეს, ბავშვებისთვის იქნება ცუდი, რადგან თამბაქოს შეფუთვა სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ის ბავშვებისთვის მიმზიდველი არ იყოს“, - განაცხადა ბახტურიძემ.

რაც შეეხება  პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულ მიზეზს, რომ ახალი ვალდებულების ამოქმედებამდე დამატებით უნდა შეფასდეს ახალი რეგულაციის ფისკალური გავლენა და სწორედ ამიტომ მოხდა ვადის გადაწევა, ბახუტირიძე განმრატავს, რომ ფისკალური გავლენა მიზეზი არ არის.

„ეს არის აბსურდული მიზეზი. რეალური ეჭვი არსებობს, რომ მოხდა ფინანსური გარიგება. კერძოდ, საერთაშორისო კომპანიებმა მოისყიდეს კონკრეტული პირები და ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენ მთავარ პროკურორს ორი კვირის წინ, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ფინანსთა მინისტრის, ბიზნესომბუდსმენის, ასევე,  ოხანაშვილის და სხვების საეჭვო კავშირები დაადგინონ“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

კანონპროექტების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია.