რუსეთი აშშ-ის ახალ სანქციებს პასუხობს

რუსეთი აშშ-ის ახალ სანქციებს პასუხობს

ახალი სანქციების საპასუხოდ რუსეთმა, შესაძლოა, ქვეყნიდან 35 ამერიკელი დიპლომატი გაუშვას და აშშ-ის საელჩოს ქონება დააპატიმროს. ამის შესახებ „კომერსანტი“ რუს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

„კომერსანტის“ მონაცემებით, მოსკოვის პასუხი დეკემბრის დიპლომატიურ სკანდალსაც გაითვალისწინებს, როდესაც ამერიკის ხელისუფლებამ 35 რუსი დიპლომატი, თავისი ოჯახებით, ქვეყნიდან გააძევა და დიპწარმომადგენლობის ორი ობიექტი დააპატიმრა.

რუსეთის საპასუხო ზომებმა შესაძლოა, ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის პირადი შემადგენლობის ზღვრული რაოდენობის დაწესებაც მოიცვას.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ. უახლოეს მომავალში დოკუმენტს სენატი განიხილავს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.