სააკაშვილის პარტია მაიდანზე შეკრებას გეგმავს

სააკაშვილის პარტია მაიდანზე შეკრებას გეგმავს

ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს მიტინგის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე დაიწერა.

„არა სააკაშვილის მხარდასაჭერად, არამედ უკრაინული ხელისუფლების თვითნებობის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ ხელისუფლება ცინიკურად გვაფურთხებს სახეში და გვაჩვენებს, რომ ჩვენი უფლებები მათთვის არაფერს ნიშნავს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„უკრაინის მთავრობა „ყველანაირ საზღვარს გასცდა“ და თავისი „რეალური სახე“ გამოავლინა“, - ამბობენ პარტიაში.

„ახალი ძალების მოძრაობა“ მხარდამჭერებს მაიდანზე უკრაინული დროშების, უკრაინული პირადობის მოწმობებისა და ქვეყნის კონსტიტუციის წამოღებისკენ მოუწოდებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. თავად სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება. მისი თქმით, ის უკრაინაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

2013 წლის ნოემბერში სააკაშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყანაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე.

2015 წელს სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და იმ დღესვე ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა, ხოლო 2016 წლის ნოემბერში მან აღნიშნული პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ „უკრაინას არ სურს კორუფციასთან ბრძოლა“. ამის შემდეგ, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უკრაინულის მიღების გამო ჩამოართვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებენ.