სააკაშვილის განეიტრალების რამდენიმე ფარული მოტივი სახელდება

სააკაშვილის განეიტრალების რამდენიმე ფარული მოტივი სახელდება

პოლიტოლოგი ანატოლი ოკტისიუკის ვერსიით, სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ისტორია უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე გავლენისთვის ბრძოლას უკავშირდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ მოსაზრებას დეპუტატი სერგეი ლეშჩენკოც იზიარებს. „შემდეგი, ვისაც პოროშენკო მოქალაქეობას ჩამოართმევს – იქნება ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე გიზო უგულავა. ეს ადამიანი არასაჯარო პირია, ის ძალიან გავლენიანია. რაც ხდება – ეს იმ ჯაჭვის ერთი რგოლია, რომელიც პოროშენკოს მეორე საპრეზიდენო ვადისთვის მზადებას ნიშნავს, რაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაზე ზეწოლის გზით უნდა განახორციელოს“.

მეორე ვერსიის თანახმად, მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის პოლიტიკური პროცესებიდან სააკაშვილის რეალურ გაძევებას ისახავს მიზნად. მან დევნილობაშიც რომ მოინდომოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, მისი გავლენა მინიმუმამდე დაეცემა.

სააკაშვილის მიმდევრების თქმით, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორზე თავდასხმები, ვერ შეაჩერებს პარტია „მიხეილ სააკაშვილის ახალი ძალების მოძრაობას“, მაგრამ ისიც ცხადია, რომ პარტიის ვერც ერთი წევრი ვერ მოვა სააკაშვილთან პოლიტიკური წონით, გამოცდილებითა და ქარიზმით.

სააკაშვილის თანამოაზრეები ამბობდნენ, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი შეფი ვალენტინ ნალივაიჩენკო მათი მხარდამჭერი გახდება. ორგანიზაციის მიზანი გახდება მასობრივი აქციების ორგანიზება ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გარემოცვაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს გეგმები გახდა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მთავარი მიზეზი. „მიშას ბევრი გეგმა ჰქონდა შემოდგომისთვის, მათ შორის ხელისუფლებიდან პოროშენკოს ჩამოცილება. სწორედ ამიტომ ცდილობენ მის გაძევებას უკრაინული პოლიტიკიდან“, – ამბობს საქართველოს ექს–პრეზიდენტის ერთ–ერთი უკრაინელი თანამოაზრე.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ ჩამოართვეს. ამის მოტივად მოქალაქეობის მიღების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის შევსებისას სააკაშვილის მიერ არასწორი მონაცემების შეტანა სახელდება. ამ ბრალდებას ექს–პრეზიდენტი უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტმა 2015 წლის 30 მაისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და იმავე დღეს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. 2016 წელს სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციის მხარდაჭერასა და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა და უკრაინის რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა დაიწყო.

საინტერესო დამთხვევა მოხდა გუშინ – სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ამჟამად საქართველოს მოქალაქისა და ქობულეთში მცხოვრები ლეონიდ ჩერნოვეცკის დაპატიმრების ნებართვა გასცა.