მიხეილ სააკაშვილისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს გაერო-ს მფარველობის და შესაბამისი სტატუსის მოთხოვნა

მიხეილ სააკაშვილისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს გაერო-ს მფარველობის და შესაბამისი სტატუსის მოთხოვნა

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას  თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ეს ყველაფერი დააზარალებს როგორც საქართველოს, ისე უკრაინას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

ალაფიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ფაქტი დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ყოფნის პერიოდს, რადგან საქართველოს პარტნიორებს საშუალება აქვთ უფრო ახლოდან ადევნონ თვალი რიგ დარღვევებს.

„თუნდაც ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს საბანკო ტრანზაქციის განხორციელება რომ დასჭირდეს, ან ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რომლის დროსაც სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, შეზღუდული იქნება და ეს ამძიმებს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებას. ამერიკაში ეს ყველაზე თვალნათელი იქნება და რეაქციებიც შესაძლოა მძიმე და უარყოფითი იყოს ამ ორი ქვეყნისთვის.

ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსია და ამ მდგომარეობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამ პერიოდში ერთ-ერთ გამოსავალი შეიძლება იყოს გაერო-ს მფარველობის და შესაბამისი სტატუსის მოთხოვნა. გაერო-ს არაერთი პირისთვის მიუნიჭებია ეს სტატუსი.

ასევე, გამოსავალი შეიძლება იყოს ისიც, რომ სააკაშვილმა საქართველოსა და უკრაინაში სამართლებრივი პროცედურები წამოიწყოს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მისთვის იქნება სასარგებლო, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის დამაზიანებელი“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

უკრაინამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქობის ჩამორთმევაზე განკარგულება გუშინ გამოსცა. მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს ასევე, საქართველოს მოქალაქეობა.