NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს იცნობს

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს იცნობს

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს იცნობს. კითხვა "ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შემდეგნაირად ჩამოაყალიბა - „აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება - იცოდით თუ არა ამის შესახებ?“

შესაბამისად, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 72% პასუხობს, რომ დიახ იცის, 26%-მა კი არ იცის.

იმ რესპონდენტებიდან, ვისაც სმენია აფგან მუხთარლის საქმის შესახებ, 82% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება“. 9% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 9%-მა არ იცის პასუხი.

იმ რესპონდენტებიდან, ვისაც სმენია აფგან მუხთარლის საქმის შესახებ, 78% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება“, 11% არ ეთანხმება, ხოლო 11%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

იმ რესპონდენტებიდან, ვისაც სმენია აფგან მუხთარლის საქმის შესახებ, 14% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით“, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 76%, ხოლო 9%-მა არ იცის პასუხი.

შეკითხვაზე, რა გავლენას მოახდენს აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაში რეგიონის ლიდერის რეპუტაციაზე, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ უარყოფით გავლენას მოახდენს, 15 % ფიქრობს, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს, 2% მიიჩნევს, რომ დადებით გავლენას მოახდენს, ხოლო 26%-მა არ იცის რა გავლენას მოახდენს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.