პრემიერი მრავალმხრივ სამხედრო სწავლებას რეგიონში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს

პრემიერი მრავალმხრივ სამხედრო სწავლებას რეგიონში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სამხედრო სწავლება - "ღირსეული პარტნიორი" მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება - "ღირსეული პარტნიორი", რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

"ვფიქრობთ, რომ ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თუ არ ვცდები, უკვე მესამედ იმართება ასეთი ტიპის სწავლება და ესეც, ნამდვილად მისასალმებელია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე ვფიქრობთ, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულებაა არჩეული - უსაფრთხოება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება და ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობის მიმართულება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება ამ ვიზიტის დროს და მინდა გამოვთქვა, ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღეში შედგება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს შედგება.