პარლამენტმა პრეზიდენტის მესამე ვეტოც დაძლია

პარლამენტმა პრეზიდენტის მესამე ვეტოც დაძლია

პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო იმ კანონპროექტთან დაკავშირებით დაძლია, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება. 

”ქართული ოცნების” წევრებმა ”საარჩევნო კოდექსის” პროექტის თავდაპირველ ვარიანტს, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ხელი არ მოაწერა, 92-ხმით, სამის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. 

ამასთან, უმრავლესობამ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ფარგლებში მხარი დაუჭირა ”შესყიდვების შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებს, რომლითაც ხდება ვადის 20 ივლისის ნაცვლად, კანონის გამოქვეყნებამდე გადაწევა.

მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ხელი არ მოაწერა, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი იცვლება. 

პროექტის მიხედვით, ცესკოს 6 წევრს ის პარტიები დანიშნავს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით, რომლებსაც მიეკუთვნათ პარლამენტის წევრთა მანდატები და რომლებმაც შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა დამოკიდებულია პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით, პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება. 

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ცესკოს დაკომპლექტების შემოთავაზებული რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობასა და არჩევნების მართვის პროცესში პოლიტიკურ პლურალიზმს. გიორგი მარგველაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტებისას აღარ მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინება, რითაც კნინდება მისი როლი და მნიშვნელობა. 
პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა, უცვლელი დარჩეს ცესკოს დაკომპლექტების წესი და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა, რაც ”ქართულმა ოცნებამ” არ გაიზირა. 

პრეზიდენტმა არც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლის ინიციატივა გაიზიარა და პარლამენტს, მოტივირებული შენიშვნების სახით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის უცვლელად დატოვება შესთავაზა. 

ცნობისთვის, დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევენ ცესკოში, პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა). იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ დანიშნულმა წევრებმა თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, მას პარლამენტი ირჩევს. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევას ცესკოს წევრების ორი მესამედის ან პარლამენტის მიერ. 

პრეზიდენტის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ხელმძღვანელის ცესკოს ორი მესამედით არჩევის შემთხვევაში არჩევის პროცესზე გაიზრდება მმართველი პარტიის გავლენა, რაც შედეგების ლეგიტიმურობას შეამცირებს.