იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამარტივებული წესით განიხილა კანონპროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებების თანახმად, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციების კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვადა გონივრული ვადით გადაიწევს, კერძოდ: საქართველოს მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა ან/და განლაგების წესი 2017 წლის 1 ივლისის ნაცვლად დაამტკიცოს 2022 წლის 1 ივლისამდე. შემოთავაზებული ცვლილებით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი, ნაცვლად 2018 წლის 1 იანვრისა.

კანონპროექტის მიზანია თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვან შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედებამდე დამატებით შეფასდეს ახალი რეგულაციის ფისკალური ზეგავლენა და ასევე, გათვალისწინებულ იქნეს ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული საწარმოო პროცესების სირთულე/მრავალფეროვნება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა,  რომ თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ამ პროცესში მონაწილე პირებს საშუალება მიეცეთ ადაპტირდნენ განსხვავებულ ბიზნეს-გარემოსთან და არ მოხდეს საბიუჯეტო შემოსავლების მყისიერი დანაკლისი, რაც მოსალოდნელია იყოს არსებითი.

როგორც საკითხი თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა,  ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერსოა საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა. „ავსტრალიაში აღნიშნული რეგულაცია შემოღებული იქნა მხოლოდ 2012 წლიდან. თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვა 2016 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ასევე ინგლისმა, ირლანდიამ და საფრანგეთმა. მსგავსი რეგულაციების შემოღებას განიხილავენ ევროკავშირის  ქვეყნები, მხოლოდ 2020 წლიდან. ამ რეგულაციის დაგეგმვის შემდგომ, არის 2-3 წლიანი გარადამავალი ფაზა, როდესაც ეს ქვეყნები კიდევ აკვირდებიან პროცესებს, თუ როგორია ამ რეგულაციების ზეგავლენა",-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მან, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებები  არ ეხება რაიმე ფორმით თამაბაქოს მოწევის წახალისებას. „ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ შეფუთვა უნდა იყოს სტანდარტიზებული", -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კანონპროექტების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია.