2014 წელს შემუშავებული დოკუმენტით, დეცენტრალიზაციის რეფორმა ჩავარდა

2014 წელს შემუშავებული დოკუმენტით, დეცენტრალიზაციის რეფორმა ჩავარდა

2014 წელს შემუშავებული დოკუმენტით რეალურად დეცენტრალიზაციის რეფორმა ჩავარდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

”დოკუმენტით, რომელიც 2014 წელს შემუშავდა, არანაირი დეცენტრალიზება არ იყო და იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის მონაწილეობითაც არის შემუშავებული ეს დოკუმენტი, მაშინ ჩააგდო ეს დეცენტრალიზაციის რეფორმა. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ დეცენტრალიზაცია უნდა მომხდარიყო. აქ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. ის მაშინ პრემიერი იყო და პირდაპირ ავალებდა ამ ადამიანებს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია შეემუშავებინათ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აუცილებლად არის საჭირო დეცენტრალიზაციის სტრაგტეგიის შემუშავება და განხორციელება.

რაც შეეხება 174 კანონპროექტს, კობახიძის თქმით, ამას დეცენტრალიზებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

”2014 წელს იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი დოკუმენტი მიღებული. მას არ ჰქონდა არანაირი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური დასაბუთება. გეგმა უნდა განხორციელებულიყო ერთ წელიწადში და ეს რომ გავიგე, არც დავიჯერე. ეს იყო ავანტიურისტული გეგმა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. შედგა ეს სამწუხარო კომპრომისი და გაიყო შვიდი ერთეული. ეს იყო ხარვეზი, შეცდომა და ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას, რომელიც დაშვებული იყო 2014 წელს”, - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სისტემა დაუბრუნდეს იმ ლოგიკას, რომელზეც იყო აგებული.

”ეს ცვლილება გააძლიერებს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას. დეცენტრალიზაციის მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმებია დასასახი და განსახორციელებელი. დღეს ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები სამთავრობო გუნდთან, პრემიერის ხელმძღვანელობით და უკვე დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ შემუშავდეს პარლამენტის და მთავრობის მიერ დეცენტრალიზაციის საერთო ეროვნული სტრატეგია, რომელიც დაგვაახლოვებს ევროპასთან საშუალოვადიან პერსპექტივაში.

კლასიკური განმარტებით დეცენტრალიზაცია - ეს არის მეტი უფლებამოსილების და მეტი რესურსის გადატანა ადგილობრივ დონეზე და ზუსტად ეს უნდა განხორციელდეს მომდევნო წლების განმავლობაში”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.