ირაკლი კობახიძემ და ანა დოლიძემ პარლამენტში იკამათეს

ირაკლი კობახიძემ და ანა დოლიძემ პარლამენტში იკამათეს

საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის შესახებ კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იმდენად სავსე იყო თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და საკმაოდ ღირსებას მოკლებული კრიტიკით, რომ წესით, სრულიად სახტად უნდა დავრჩენილიყავით ჩვენ მისი გამოსვლის შემდეგ, თუმცა ჩვენ იმდენად ვართ მიჩვეული მსგავსი ტიპის დისკურსს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ბუნებრივია, არ ავყვებით ამ მცდელობებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეა და არა პოლიტიკური თანამდებობის პირი, შესაბამისად, ის პოლიტიკურ დისკუსიაში არ უნდა შევიდეს.

„ქალბატონო ანა, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე და შესაბამისი ეთიკის სტანდარტები უნდა დაიცვათ. რაც შეეხება შეურაცხყოფებს, მაგალითები უნდა მოიყვანოთ. არღვევთ ეთიკის სტანდარტებს, საჯარო მოსამსახურე პოლიტიკოსებზე არ საუბრობს. თქვენ ისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, თემაზე, რომელიც არის წარმოდგენილი. შინაარსზე ისაუბრეთ. ჩვენ გვქონდა საუბარი არგუმენტებზე, თქვენ უნდა წარმოადგინოთ კონტრარგუმენტები. ეს არის ის დისკრეცია, რაც გაქვთ თქვენ, როგორც საჯარო მოსამსახურეს. პოლიტიკურ პოლემიკაში თქვენ არ შეიძლება შემოხვიდეთ, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე, წარმოადგინეთ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხებს, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რომელიც არის პოლიტიკოსი თქვენგან განსხვავებით, რომელიც ხართ საჯარო მოსამსახურე“, - მიმართა კობახიძემ ანა დოლიძეს.

ანა დოლიძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონითვე არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ.

„ტყუილია, იურისტი ბრძანდებით და არ შეიძლება, ეს თქვათ. თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე, თუ არ გადახვალთ შირნაარსობრივ საკითხებზე, იძულებული ვიქნები შევწყვიტო ამ ვეტოს განხილვა და გადავიდე სხვა კანონპროექტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბატონო თავმჯდომარევ, თქვენივე რეფორმის შედეგად თქვენ ამოიღეთ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეთა ჩამონათვალიდან“, - აღნიშნა, თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა.