საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციის ბრალდებებს უსამართლო უწოდა

საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციის ბრალდებებს უსამართლო უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის გამოსვლებს უპასუხა.

“ადამიანის უფლებების დაცვაზე თქვენგან ამდენი საუბარი უხერხულია. იუსტიციის მინისტრზე ამბობთ, სტრასბურგში სამჯერ შეგვარცხვინაო? გაიხსენეთ, რომ თქვენ წელიწადში 320-ჯერ არცხვენდით საქართველოს. 320 საჩივარი შედიოდა სტრასბურგში თქვენი მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, როცა იყავით ხელისუფლებაში.

საგარეო პოლიტიკის წარმატებები, საბედნიეროდ, თქვენი უსამართლო შეფასებებით არ იზომება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღო საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და უვიზო რეჟიმი ევროპასთან. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. პრემიერ-მინისტრი გაზაფხულზე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ პენსს, რომელიც უახლოეს დღეებში ესტუმრება საქართველოს. მსოფლიო ხედავს ამერიკის კონგრესის გაზრდილ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

თავს უხერხულად არ გრძნობთ "ქართულ ოცნებას" რომ ეუბნებით, რუსეთი რეგიონში პოზიციებს იმაგრებსო? რუსეთთან 2008 წლის ომის დროს, თქვენ არ იყავით კისრისტეხით რომ გამოიქეცით ბრძოლის ველიდან და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე დატოვეთ? ათეულობით სოფელი დაკარგეთ და ხალხის ფულით ნაყიდი და ჩვენი მოკავშირეების მიერ ნაჩუქარი იარაღი ჩააბარეთ მოწინააღმდეგეს.

მედიის თავისუფლება თუ გაინტერესებთ, უნდა შეხედოთ მედია საშუალებების რაოდენობას, რომელიც გაიზარდა ჩვენი მმართველობის დროს; რეგულაციების სიმარტივეს, როცა დღეს მედია საშუალების დარეგისტრირებას, ლამის, 10 წუთი სჭირდება; მედიაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შინაარსის მოცულობას, რომელიც დღეს არ იზღუდება და ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მოდით, შევადაროთ თქვენი მიღწევები რა იყო: რეიდები და ტელევიზიების დახურვა; ჟურნალისტების დევნა, დაპატიმრება და ზეწოლა; ბოლოს კი სატელიტურ თეფშეფზეც კი დაიწყეთ ნადირობა, რომ ხალხს ინფორმაცია არ ჰქონოდა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.