დიმიტრი ხუნდაძემ, დევნილებთან ერთად, მცხეთაში მასშტაბური მშენებლობა დაათვალიერა

დიმიტრი ხუნდაძემ, დევნილებთან ერთად, მცხეთაში მასშტაბური მშენებლობა დაათვალიერა

მცხეთაში დევნილებისთვის 120 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და დევნილებთან ერთად დაათვალიერა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას პროცედურულ საკითხებზე ესაუბრა, თუ როგორ მოხდება დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, 25 წელია, დევნილები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ, აღნიშნული მასშტაბური მშენებლობა კი მათთვის ადამიანურ პირობებსა და ნორმალურ გარემოს ნიშნავს: „ეს არის მორიგი მასშტაბური პროექტი ქალაქ მცხეთაში.  შენდება 8 სართულიანი 2 საცხოვრებელი სახლი, სადაც  120 ბინა იქნება. მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება. ახალაშენებულ კორპუსში 25 წლის განმავლობაში  მცხეთაში არაადამიანურ პირობებში მცხოვრები დევნილები განთავსდებიან. პირველ რიგში კი ყოფილი „ტურბაზის" ხის კოტეჯებში მაცხოვრებლები, ასევე ყოფილი სასტუმრო „მცხეთის" დევნილები და ის ოჯახები, რომლებსაც საკუთარი სახოვრებელი არ გააჩნიათ." 

როგორც დევნილებმა აღნიშნეს, დაუჯერებელია, რომ 25 წლის შემდეგ  სახელმწიფომ მათთვის მოიცალა და ადამიანურ პირობებს სთავაზობენ.  „სოხუმიდან 1993 წელს წამოვედი, 25 წელია აქ, ხის კოტეჯებში ვცხოვრობ, სადაც არანაირი პირობები არ არსებობს, რომ ადამიანმა ადამიანურად იცხოვროს. ყველაფერი თავზე გვაცვივა, ყველა ბავშვი ავადაა, ხოჭოები, ქვეწარმავლები, ყველაფერი ერთად გვყავს ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის პროცესს ჩვენც დავესწარით, ამდენი უნდობლობის შემდეგ, დაუჯერებელია, რომ ეს დავიჯეროთ. სადაც 25 წელი მოვითმინეთ, ერთ წელსაც დაველოდებით და ყველანი ერთად გავიხარებთ, რომ ადამიანურ ცხოვრებას ვეღირსებით" - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ინგა ჯოჯუამ მაჟორიტართან საუბრისას.

დიმიტრი ხუნადაძის ინფორმააციით, ბოლო პერიოდში, მცხეთაში დაახლოებით 33 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა და მუშაობა კვლავაც გაგრძელდება.