დეპუტატის თქმით, საქართველოს პროგრესი ნატოს შეფასების ანგარიშებშია გამოხატული

დეპუტატის თქმით, საქართველოს პროგრესი ნატოს შეფასების ანგარიშებშია გამოხატული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი და ეს ნატოს შეფასების ანგარიშებშია გამოხატული.

"საგარეო პოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ შეფასებები უნდა გავაკეთოთ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ფაქტები ამბობს შემდეგს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. რაც შეეხება აშშ-ს, ალბათ კმარა მხოლოდ პრემიერ მინისტრის ძალიან მაღალი დონის შეხვედრები აშშ პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე, ვიცე პრეზიდენტ პენსთან. ჩვენ ვნახეთ სენატის, წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად , ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური ინიციატივები და ვნახეთ, რომ საქართველო აშშ-ს საგარეო დღის წესრიგში იკავებს კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს. ამით უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა საგარეო პოლიტიკა აქვს ჩვენს ხელისუფლებას. რაც შეეხება ნატოს, ამ კვლევებზე, რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება ზედმეტია, საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად გამოხატავს ეს კვლევები მათ განწყობებს, მაგრამ როცა ნატოზე ვსაუბრობთ, ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ეს არის თავად ნატოს შეფასების ანგარიშებში გამოხატული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატმა ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" უპასუხა.

"რუსეთზე თქვენ არ უნდა საუბრობდეთ. აქ მოვისმინე ფრაზა, რომ რუსეთი იმტკიცებს საკუთარ პოზიციებს. თქვენ არ იყავით ის ხელისუფლება, როდესაც ათეულობით სოფელი დაკარგეთ, ხალხი დატოვეთ ევაკუაციის გეგმის გარეშე, არათუ ევაკუაციის კორიდორი გაუკეთეთ. ხალხის ფულით ნაყიდი და ჩვენი პარტნიორების მიერ ნაჩუქარი იარაღი ჩააბარეთ მოწინააღმდეგეს და კისრისტეხით გამოიქეცით ბრძოლის ველიდან. იმის შემდეგ თქვენი პრეზიდენტი იყო, ექსპრეზიდენტი იყო, ხელი მოაწერა ოკუპირებულ ხაზებს. ეს არის თქვენ რაც გააკეთეთ და ცოტა უხერხულია დღეს ჩვენკენ რომ იშვერთ ხელს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებებზე თქვენ არ უნდა საუბრობდეთ სტრასბურგში შეარცხვინა სამჯერო საქართველო წულიკიანმაო. თქვენ წელიწადში 320-ჯერ არცხვენდით საქართველოს სტრასბურგში. 320 საჩივარი შედიოდა თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. შერცხვენა ეგ იყო - 320-ჯერ არცხვენდით საქართველოს წელიწადში. ეს იყო თქვენი შედეგი", - განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასვეე ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლებაზე.

"მედიაზე როცა ვსაუბროთ, გაიხსენეთ, რითი დაიწყეთ. ტელევიზიებზე რეიდებით დაიწყეთ, მერე ჟურნალისტების დაჭერებით გააგრძელეთ და ბოლოს თეფშებზე ნადირობთ და დღეს მედიის თავისუფლებაზე ჩვენ გველაპარაკებით, როცა მედია შეგიძლია 10 წუთში დაარეგისტრირო, ტელევიზიების რაოდენობა გაზრდილია და კრიტიკა ნახეთ ხელისუფლების მიმართ მედიის შინაარსში. ეს არის მედიის თავისუფლება და არა ის, როგორც თქვენ წარმოგედგინათ ადრე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თვითმმართველობის გაძლიერების გარანტიები ახალ კონსტიტუციაში არის ჩადებული.

"რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ამ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოება თქვენ შეგყავდათ შეცდომაში, როდესაც უთხარით, რომ ამ ცვლილებებით თითქოს მმართველი პარტია უპირატესობას იმკვიდრებს საარჩევნო კომისიაში. ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ ამ ცვლილებებით მმართველ პარტიას და ოპოზიციას ექნება პარიტეტი საარჩევნო კომისიაში, ექნებათ თანაბარი რაოდენობის ადგილები. შესაბამისად, აქ რაღაც ხელის გადაგრეხვაზე ხალხს რომ ესაუბრებოდით, ეს არის ტყუილი. იგივე შემიძლია გითხრათ როდესაც ვსაუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე. თვითმმართველობის გაძლიერების გარანტიები არის ახალ კონსტიტუციაშიც ჩადებული, ასევე, ამ ცვლილებებით მხოლოდ და მხოლოდ მიზანი არის, რომ გაიზარდოს თვითმმართველობის ეფექტიანობა", - განაცხადა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.