დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის შენიშვნები არ იყო არგუმენტირებული

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის შენიშვნები არ იყო არგუმენტირებული

 “ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დღევანდელ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

“პირველ რიგში მეც მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ვეტოს საკითხს. ჩვენ ყურადღებით გავეცანით ყველა იმ შენიშვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის შენიშვნებში. ჩვენ საკომიტეტო მოსმენებზე გვქონდა აქტიური მსჯელობა და დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რა საკითხებიც შენიშვნების სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა, ყველა საკითხი ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთეზას და მიმართული იყო ვარაუდებზე და არა ფაქტებზე, არა არგუმენტებზე. აქედან გამომდინარე, მე ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ შენიშვნები იყო არგუმენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ აქტიური მსჯელობის და დისკუსიის შედეგად, კომიტეტებმა, მხარი არ დავუჭირეთ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელზეც მსურს ჩემი კოლეგების, თქვენი ყურადღბა გავამახვილო, ეს ეხება დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჩვენი კოლეგების, პარლამენტის წევრების ვიზიტს სასაზღვრო სოფლებში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით კონფლიქტის ზონაში. იმ სასაზღვრო სოფლებში, სადაც ჩვენი მოსახლეობა საჭიროებს უფრო და უფრო მეტ თანადგომას, ჩვენი საზოგადოება საჭიროებს ძალიან დიდ ყურადღებას ჩვენი მხრიდან. ეს ღონისძიება დაიგეგმა სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის ორგანიზებით, ბატონი მიხეილ ყაველაშვილისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი თენგიზ ხუბულურის ერთობლივი ორგანიზებით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ ერთობლივი ღონისძიების დაგეგმისთვის. ეს იყო ძალიან ემოციური დღე, როდესაც შენ უყურებ შენი საზოგადოების წევრებს, შენს დებს და ძმებს, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში იმყოფებიან და ამიტომ ამ ყველაფერზე საუბარი ემოციების გარეშე რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში იგრძნოს ჩვენი თანადგომა. და სახელმწიფო ნამდვილად არასოდეს იშურებს ძალას, რომ ამ ხალხს გვერდში დაუდგეს.

ჩვენ სიმბოლურად ჩავატარეთ კომიტეტის სხდომა გორში, ამას სიმბოლიური დატვირთვა ჰქონდა და ჩვენ ვიმსჯელეთ იმ სოფლებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ, როდესაც ჩვენ საზოგადოებას შევხვდით და გავესაუბრეთ მათ პრობლემებზე და მათი მოგვარების საკითხებზე. ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ კომიტეტის სხდომაზე და აქ მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ მნიშვნელოვან სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე, რომელიც უნდა დაიგეგმოს და რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენ ოს დებთან და ძმებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმისთვის.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან ნაყოფიერი გასვლითი ღონისძიება და ეს იყო ღონისძიება, რომელიც დაეთმო ჩვენი ოსი დების და ძმების ერთობლივ მნიშვნელოვან ღონისძიებებში ჩართულობას და ჩვენ ვიმსჯელეთ იმ შესაძლო აქტივობებზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება დაიგეგმოს და რითიც ხელი უნდა შეეწყოს ჩვენი ერთიანი საზოგადოების და ჩვენ ოს დებთან და ძმებთან დაახლოებას და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და გამთლიანებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.