დეპუტატის თქმით, ტერორიზმი არის საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა

დეპუტატის თქმით, ტერორიზმი არის საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორიზმის შესახებ 2016 წლის ანგარიშზე განცხადება გააკეთა.

“მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორიზმის შესახებ 2016 წლის ანგარიშზე. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრობლემა არის საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და გარდა უამრავი გარადაცვლილი ადამიანისა და სავალალო შედეგებისა, ტერორიზმი უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნების განვითარებაზე, მათ ეკონომიკაზე, საშინაო თუ საგარეო ფაქტორებზე. ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ სხვა კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, მოითხოვს უპირველეს ყოვლისა, ქვეყნების ერთიანობას ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული ქვეყნის ჩართულობას და მათ შენატანს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეგვიძლია, ამაყად და დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ საქაერთველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში აშკარად პროგრესირებს. ეს კიდევ ერთხელ აღიარებული იქნა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ხაზგასმით აღინიშნა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორიზმის შესახებ 2016 წლის ანგარიშში. ჩვენ ვაძლიერებთ და ვახდენთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამის ინსტიტუციონალურ და სამართლებრივ მექანიზმებს, ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალურ დონეზე. ამ მიმართულებით წამყვანი ფუნქცია სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ტერორიზმის საფრთხისგან დაცვას. სწორედ ამ მიზნით არაერთი ღონისძიება გატარდა, მათ შორისაა, ტერორისტული საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი განეიტრალება, ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ პირთა პასუხისგებაში მიცემა და შესაბამისი უწყებების წვრთნა და აღჭურვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ეს წარმოადგენს იმ ერთ-ერთ გარემოებას, რომელსაც ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ეს გარემოებები სწორედ მიუთითებს საქართველოს როლსა და მის მნიშვნელობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და სწორედ ამიტომ საქართველო იმსახურებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ შეფასებას და რაც მთავარია, საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა დეპუტატმა.