დეპუტატის თქმით, ვეტო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა

დეპუტატის თქმით, ვეტო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

“დღევანდელი რიგგარეშე სხდომის გამართვის მიზეზი და მიზანი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გახლავთ ის ვეტო, რამდენიმე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო შესაბამის კანონპროექტებს. ვეტოთა სიმრავლემ საბოლოო ჯამში გარკვეული აზრი ჩამოაყალიბა საზოგადოებაში, რომ სინამდვილეში, ვეტო, რომელიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ინსტრუმენტს პრეზიდენტის ხელში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა, რაც არ არის თავსებადი ამ ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტრუმენტის შინაარსთან და რეალურად, მისი მიზანი არის არა კონკრეტულ კანონპროექტთან მიმართებაში მოტივირებული შენიშვნების საბოლოოდ მიწოდება საზოგადოებისთვის, არამედ, გარკვეული პოლიტიკური ბრძოლა, სამომავლო პოლიტიკურ სარბიელზე, რომლისთვისაც, როგორც ხედავთ, არ იშურებს ვეტოს ავტორი არცერთ შანსს.

მე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ის კანონპროექტი, რომელზეც ვეტო იქნა დადებული, მე აქ ორს გამოვყოფ, ეს არის საარჩევნო კოდექსი და თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტი, წარმოადგენს ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯს, ცალსახად უკეთეს რეგულაციას და შესაბამის გზას, შესაბამის პერსპექტივას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ჩვენ ამ შემთხვევაში დავძლევთ ვეტოს არა იმიტომ, რომ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი, რადგანაც ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი კანონმდებლობა, ჰქონდეს უკეთესი თვითმმართველობა და ბევრად უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, ვიდრე ის, რაც მემკვიდრეობით დაგვიტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.